გოგი თოფაძე – შავი და თეთრი პოლიტსაბჭოზე გამოჩნდება

ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ ლიდერი გოგი თოფაძე პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას სწორს და სამართლიანს უწოდებს.

როგორც თოფაძემ „ინფო 9“-ს განუცხადა, ყველაფერი ძალიან მალე, პოლიტსაბჭოზე გადაწყდება.

„პრემიერმა ძალიან დელიკატური, ძალიან სწორი და სამართლიანი განცხადება გააკეთა. ყველაფერი ძალიან მალე პოლიტსაბჭოზე გადაწყდება. ამიტომ, აჟიოტაჟს ნუ ატეხავთ, ყველაფერი გადაწყდება. შავი და თეთრი გამოჩნდება პოლიტსაბჭოზე“, – განაცხადა გოგი თოფაძემ.

პრემიერ-მინისტრი „რესპუბლიკელებისა“ და „მრეწველების“ ბოლოდროინდელ განცხადებებს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, პოლიტიკურმა დაპირისპირებამ კოალიციაში სრულიად მიუღებელი ფორმა მიიღო.

პრემიერის დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ და რის გამო დაიწყო დაპირისპირება.

კვირიკაშვილის განცხადებით, დაუშვებელია, რომ ჯარისკაცები და ოფიცრები პოლიტიკაში აღმოჩნდნენ ჩართული.

პრემიერ-მინისტრისთვის ასევე, მიუღებელია თავდაცვის მინისტრის მხრიდან მსგავს დაპირისპირებაში ჩართვა.

გიორგი კვირიკაშვილი მოუწოდებს პოლიტიკურ პარტნიორებს, ნებისმიერი სადავო საკითხი მხოლოდ კოალიციის შიგნით განიხილონ.

მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებლად განახორციელებს ცვლილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს მთავრობის სტაბილურ ფუნქციონირებას და პოლიტიკური პროცესის ჯანსაღ ჩარჩოებში მოქცევას.

Comments
Loading...