“გოგონა ბიბლიოთეკაში ისე მოულოდნელად აკივლდა, რომ ყველას თავზარი დაგვეცა”

გოგონა ბიბლიოთეკაში ისე მოულოდნელად და შემაშფოთებლად აკივლდა, რომ ყველას თავზარი დაგვეცა.
როცა მან ტანგოს, სალსას, ხანჯლურისა და ლამის შალახოს ილეთებიც მოაყოლა, მივხვდი, რომ საქმე ძალიან ცუდად იყო.
ყველას მოვასწარი და მასთან გავჩნდი. აღმოჩნდა, რომ თმაზე რაღაც მწერი დასჯდომოდა. პატარა კალიას ჰგავდა, მაგრამ არც ის იყო. უცნობს ვუთხარი, თუ არ დამშვიდდებოდა, თმიდან ამოღებას ვერ შევძლებდი. ცეკვის ილეთებს შეეშვა, მაგრამ ადგილზე მაინც მოძრაობდა. გეგონებოდათ, ჰაერში გამოკიდებულ თოკზე წონასწორობას იცავდა.
ამოვაძვრინე და ძირს მოვისროლე. გოგონამ ამოისუნთქა და წინ გავარდა. ის იყო, მწერისთვის ფეხი უნდა დამედგა, რომ უცხოელმა შემაჩერა.
– ნუ მოკლავ! ესეც ბუნების შვილია.
შემრცხვა. ასე, ალბათ, მაშინაც არ შემრცხვენია, სკოლაში პირველი ორიანი რომ მივიღე. ფეხი დავუშვი.
– რატომ?.
– არ შეიძლება! – თქვა უცხოელმა და მწერთან მოვიდა.
გაკიცხულივით ვიდექი. მან ჯიბიდან ხელსაწმენდი ამოიღო, მწერი შესვა და სარკმელთან მიიტანა. მერე სული შეუბერა. ის კი გაფრინდა.
– ადამიანი კაცთმოყვარე მხოლოდ მაშინ არ არის, როცა თავისიანზე ზრუნავს. გახსოვდეს, რომ ყველაფერი, რაც ბუნებაშია, მისი მოსაფრთხილებელია. – მითხრა მან და მაგიდასთან დაბრუნდა.
დიდ ხანს ადგილიდან არ ვიძროდი. მრცხვენოდა. იატაკის იმ წერტილს მივაშტერდი, სადაც მწერი უნდა გამეჭყლიტა.
დიახ, ის კაცი, მოკლედ შეჭრილი თმა რომ ჰქონდა და სუფთად გაპარსული პირისახე, მართალი იყო.
‪#‎ადამიანისთვის‬
ბუნებაში ყველაფერი მოსაფრთხილებელია

Comments
Loading...