გომელაური – პანკისის ხეობაში სრულიად მშვიდი ვითარებაა და იქ ცხოვრება გრძელდება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პანკისში სრულიად მშვიდი ვითარებაა და იქ არავითარი დაჯგუფებები არ მზადდება.

ამის შესახებ მან ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

ვახტანგ გომელაური ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ “ისლამური სახელმწიფოს” კავკასიის ბატალიონი, რომელსაც ახმედ ჩატაევი ხელმძღვანელობს, რუსეთსა და ევროპის ქვეყნებში ტერაქტებს გეგმავს.

“პანკისს რაც შეეხება, იქ სრულიად მშვიდი ვითარებაა. თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ იქ არავითარი დაჯგუფებები არ მზადდება. რაც შეეხება ახმედ ჩატაევს, ის კანონიერად გათავისუფლდა და შეცდომა იყო თუ რა იყო, ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ჩვენს ქვეყანაში არ არის ეს ადამიანი და აქედან გამომდინარე პასუხს ვერ გავცემთ ვერც ერთ ქვეყანას, თუ რას ამზადებს ის და რას გეგმავს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, პანკისის ხეობაში სიმშვიდეა და არანაირი პრობლემა არ არსებობს.

„თუ ჩვენ გვექნება რაიმე ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს მივაწვდით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პანკისის ხეობაში სიმშვიდეა და არანაირი პრობლემა არ არსებობს დღესდღეობით. როგორც სხვა ხეობებში გრძელდება იქ ცხოვრება”, – განაცხადა გომელაურმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ტერორისტული საფრთხეები პანკისის ხეობაში არ გამქრალა. ლავროვის თქმით, რუსეთის ფედერაციაში აკრძალული „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები წვრთნებს პანკისის ხეობაში გადიან.

ამასთან, სერგეი ლავროვი პერსპექტივაში საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების კონტაქტს არ გამორიცხავს. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე, ქართველ კოლეგა მიხეილ ჯანელიძესთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

Comments
Loading...