გორის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენის ალბერტ მერებაშვილის მამა დაკავებულია

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გორში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ინციდენტი  მოხდა, რომელშიც სპორტსმენი ალბერტ მერებაშვილი ფიგურირებს.

მისი ინფორმაციით, ინციდენტში „ქართული ოცნების“ აქტივისტებიც ჩაერთვნენ, რასაც ორმხრივი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. დაპირისპირებაში „ოცნების“ აქტივისტებთან სწორედ ალბერტ მერებაშვილი შევიდა.

„გორის რაიონში, 45-ე უბანთან მოხდა ინციდენტი. „ნაცმოძრაობის“ კანდიდატის ბადრი გასიშვილის ერთ-ერთი აქტივისტი ალბერტი მერებაშვილი, რომელიც არის სპორტსმენი და როგორც ჩანს, არის ბასიშვილის ზონდერ დაჯგუფების წევრი. ალბერტ მერებაშვილი იყო მისული 45-ე საარჩევნო უბანთან. ეს ადამიანი არის თბილისის კუდ-ის ყოფილი უფროსის გელა შიუკაშვილის დისშვილი. მან ძალიან მძიმე პროვოკაციაზე სცადა ჩვენი აქტივისტების წამოკიდება. საარჩევნო უბანთან ჩვენი აქტივისტები იყვნენ მობილიზებულნი და მან ძალიან მძიმე ფორმით დაიწყო მათთვის შეურაცხყოფის მიყენება. ამას მოჰყვა ინციდენტი, რომელიც იყო ორმხრივი“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე ინფორმაციით, ინციდენტის დროს რამდენიმე აქტივისტი დაშავდა.

ამასთან, დაკავებულია მერებაშვილის მამა, რომელმაც სამართალდამცავებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

„პირველად, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩვენ აქტივისტებთან სწორედ ალბერტ მერებაშვილი შევიდა, რომელმაც დაარტყა ჩვენს ერთ-ერთ აქტივისტს, რასაც მოჰყვა ჩხუბი ორივე მხრიდან. დაშავდნენ ადამიანები როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს. მათ შორის, დაშავდა ალბერტ მერებაშვილი. ამის შემდეგ, მისი მამა მივიდა ადგილზე, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სამართალდამაცავებს და გაუწია წინააღმდეგობა. ის დაკავებულია“, – განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი მოუწოდებს „ოცნების“ აქტივისტებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი და პროვოკაციებს არ აყვნენ. მისი ინფორმაციით, „ნაციონალურ მოძრაობას“ დაგეგმილი აქვს სხვადასხვა სახის პროვოკაციები, მათ შორის, ბათუმშიც.

Comments
Loading...