გუბაზ სანიკიძე: არაბულ ქვეყნებში აფხაზეთის აღიარება ჩავშალე

პარლამენტის წევრის, „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერის გუბაზ სანიკიძის განცხადებით, მან ერთ-ერთ არაბულ ქვეყანაში აფხაზეთის აღიარების მცდელობა ჩაშალა. ამის შესახებ მან გადაცემა “არჩევანში” განაცხადა.

სანიკიძე კონკრეტულ ქვეყანას არ აკონკრეტებს.

“არაბულ ქვეყნებში აპირებდნენ აფხაზეთის აღიარებას და მე, პირადად, ჩავშალე ეს” – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მისივე თქმით, საკითხში საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩართული არ იყო. სანიკიძე განმარტავს, რომ აღნიშნული საკითხი პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ იცოდნენ. როგორც სანიკიძემ დააზუსტა, იმ დროს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იყო.

“მე რომ ის ქვეყანა გამოვაცხადო, იმ ხალხს, ვინც ჩვენ მხარეზე მუშაობდა, შეიძლება ხიფათი შეექმნას. მე რომ ქვეყანა დავასახელო, სადაც ეს ხდებოდა, რუსები მიხვდებიან, ვისზეა ლაპარაკი.

პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ იცოდნენ ყველაფერი. სხვას არ ვთვლიდი საჭიროდ, რომ ჩამეყენებინა საქმის კურსში, რადგან ადამიანების წრე, ვინც ამის შესახებ ინფორმირებული იქნებოდნენ, უნდა ყოფილიყო მცირე“ – აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.

ამასთან, გუბაზ სანიკიძის განცხადებით, მან პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე გარკვეული ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა კვირიკაშვილის მხრიდან რეაგირება არ ყოფილა.

„მე ბატონ კვირიკაშვილთან ორჯერ მქონდა შეხვედრა. პირველად როდესაც შევხვდი, მე მას მივაწოდე კონკრეტული ინფორმაციები. მეორე შეხვედრის დროს, მე მან მითხრა, რომ გადაამოწმა ის ინფორმაციები და აღმოჩნდა მართალი. შემდეგ, მე მას ვუთხარი კონკრეტულად, რა უნდა გააკეთოს ამ მიმართულებით და კონკრეტული სახელი და გვარები ჩავაწერინე, ვისაც უნდა შეეკითხოს ჭკუა, რადგან ჩვენ ძალიან ძლიერი სპეციალისტები გვყავს. შედეგი რა არის? არანაირი. ჯერჯერობით, არანაირი. ინფორმაციები ეხება საქართველოს უსაფრთხოებას, ამის იქით ვერ წავალ. ასე გამოდის, რომ კვირიკაშვილმა ამ თემას, რა თქმა უნდა, ყურადღება არ მიაქცია. რატომ არ მიაქცია, მე ჩემი სუბიექტური მოსაზრება მაქვს. როგორც ჩანს, კვირიკაშვილს არ ესმის ამ პრობლემების მნიშვნელობა ისევე, როგორც ქართული პოლიტიკის და მედიის დიდ ნაწილს“ – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ გადაცემა “არჩევანში”.

Comments
Loading...