გურამ რჩეულიშვილი: ექვსი თვეა ციხეში ვზივართ და საქმე იქამდე მივიდა, რომ დედაჩემი საავადმყოფოში მოხვდა
კომპანია „ცენტრ პოინტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლეს მიმართა და აღკვეთის ღონინისძიების სახის შეცვლა მოითხოვა.
მისი თქმით, ის და „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი უდანაშაულო არიან.
„იურისპრუდენციასთან ბავშვობიდან მაქვს შეხება და მასში არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია. მე და დედაჩემი ვართ უდანაშაულოები, სანამ სასამართლო არ გამოგვიტანს განაჩენს. ექვსი თვეა ციხეში ვზივართ ბრალდების ვარაუდის გამო და საქმე იქამდე მივიდა, რომ დედაჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საავადმყოფოში მოხვდა. თქვენ პირველად იხილავთ ჩვენს აღკვეთის ღონისძიებას. იმედია, გამოიჩენთ სიმტკიცეს და დააკმაყოფილებთ ჩვენთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობას”, – განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა.
მისი ინტერესების დამცველმა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის 150 000-ლარიანი გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დააყენა.
ადვოკატმა ასევე, მოსამართლეს მიმართა, გაითვალისწინოს ის გარემოებაც, რომ ბრალდებულის მეუღლე ფეხმძიმედაა, ხოლო დედა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საავადმყოფოშია მოთავსებული.