გურიაში ISIS-სთან შესაძლო კავშირში მყოფი 23 წლის მამაკაცი დააკავეს

დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ შესაძლო კავშირის ბრალდებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 23 წლის ჯამბულ აბდულაევი დააკავეს.

ჯამბულ აბდულაევის ასაყვანად დაბა ნასაკირალში სპეცოპერაცია ჩატარდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის სახლის ჩხრეკისას ამოიღეს ISIS-ის დროშა, ხელყუმბარა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.

დაკავებულის ოჯახის წევრები „ისლამურ სახელმწიფოსთან“ მის კავშირს უარყოფენ.

„გვეძინა, გატეხეს კარი და დაიწყეს ჩხრეკა. ვითომ იარაღი ნახეს. სახლში იყო, არც გადასულა თურქეთში“, – განაცხადა „რუსთავი 2“- თან საუბარში დაკავებულის მამამ ზეინაუ აბდულაევმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჯამბულ აბდულაევის დაკავების ფაქტს ადასტურებენ, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, სუს-მა კიდევ სამი პირი დააკავა. სავარაუდოდ, მათაც ტერორისტებთან კავშირს ედავებიან.

Leave A Reply

Your email address will not be published.