გვარამია: ჩემ მიმართ ბოღმა ბევრ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს, თუმცა ეს ფიზიკურ შეურაცხყოფაში არ უნდა გადაიზარდოს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გაჩეჩილაძეებს ურჩევს, ადვოკატი გამოცვალონ, რადგან ყველაფერი, რასაც ის ამბობს, მათ წინააღმდეგ შეიძლება გამოიყენონ.

გვარამიას აზრით, ვიღაცას შესაძლოა, მის მიმართ ბოღმა ჰქონდეს, თუმცა ის მსგავს ფორმებში არ უნდა გადაიზარდოს.

„გაჩეჩილაძის ადვოკატს შემიძლია შევთავაზო, მოვიდეს და რამდენჯერმე წამოვარტყამ, თუ ეს არაფერს ნიშნავს და ადმინისტრაციულად დამაჯარიმებენ. რა თქმა უნდა, ამას არ ვიზამ. გაჩეჩილაძეებს ვურჩევ, ადვოკატი გამოცვალონ. იმიტომ, რომ ყველაფერი, რასაც ეს ადვოკატი ლაპარაკობს, მათ წინააღმდეგაა მიმართული. ყველაფერს, რასაც ეს ქალბატონი ამბობს, იმის მანიშნებელია, რომ ადგილი აქვს სიძულვილის დანაშაულს, რაც თავისი შინაარსით მძიმე დანაშაულია“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით, ის კვალიფიკაცია, რომელიც საქმეს მიენიჭა, მსუბუქი და არაადეკვატურია.

„ამ ლოგიკიდან გამომდინარე, ძალიან ბევრ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ჩემ მიმართ ბოღმა. არავითარი პრობლემა არ არის, მაგრამ ეს ფიზიკურ შეურაცხყოფაში არ უნდა გადაიზარდოს. მითუმეტეს, ისეთ მუხანათურ და სამარცხვინო ფორმებში, როგორითაც ეს გაჩეჩილაძემ ჩაიდინა, სიბნელეში უკნიდან მიპარვით და თავში ჩარტყმით“, – აღნიშნა გვარამიამ.

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი მასზე განხორციელებულ თავდასხმას „სამარცხვინოს და საზოგადოებისთვის საშიშის“ უწოდებს.

ნიკა გვარამიაზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ რატი გაჩეჩილაძეს ბრალი დღეს ოფიციალურად წარუდგინეს. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას, ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

Leave A Reply

Your email address will not be published.