გვარამია: ჩვენ მომაკვდინებელი დარტყმა მივაყენეთ ბიძინა ივანიშვილს

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილებით ქვეყანაში დემოკრატია გადაარჩინა. ამის შესახებ გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მათ მთავარი ამოცანა შეასრულეს და ტელემაყურებელს სიმართლის ხმა შეუნარჩუნეს.

„დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაარჩინა ქვეყანაში დემოკრატია და სრულიად დაუკარგა შინაარსი მოსყიდული ზონდერ მოსამართლის ურთმელიძის გადაწყვეტილებას. როგორიც არ უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება, ბიძინა ივანიშვილის მთავარი ამოცანა – განეხორცილებინა ელვისებური რეიდერული აღება „რუსთავი 2“-ის, ვერ შედგა.

ჩვენ გვაქვს საკმარისი დრო და სამართლებრივი რესურსები იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ კომპანიისთვის, ვიყოთ აქ კომპანიაში და ვაკეთოთ ის საქმე, რომელსაც ვაკეთებთ ამ ქვეყანაში ყველაზე უფრო კეთილსინდისიერად და ყველაზე უფრო ხარისხიანად.

ჩვენ შევასრულეთ მთავარი ამოცანა – საქართველოს ტელემაყურებელს შევუნარჩუნეთ სიმართლის ხმა“, – განაცხადა გვარამიამ.

ამასთან, მისი თქმით, მათ მომაკვდინებელი დარტყმა მიაყენეს ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს და ამით ქართული დემოკრატია გადაარჩინეს.

„ამიერიდან, ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზეც, სამართლებრივად როგორც შეგვიძლია ომი ხელისუფლებასთან, ჩვენ ამას ვაჩვენებთ ყველას და ეს უკვე ნახა საქართველოს მოსახლეობამ. მიუხედავად იმისა, რომ მთელი სახელმწიფო აპარატი ჩვენ წინააღმდეგაა, ჩვენ მომაკვდინებელი დარტყმა მივაყენეთ ბიძინა ივანიშვილს და გადავარჩინეთ, ჩვენი აზრით, ქართული დემოკრატია. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც ერთადერთი დემოკრატიული ინსტიტუციაა ამ ქვეყანაში და რომელმაც საქართველოში დემოკრატიის გადარჩენა თავის თავზე აიღო“, – განაცხადა გვარამიამ.

გვარამიამ თანამშრომლებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიულოცა და შეახსენა, რომ ბრძოლა ჯერ კიდევ წინ არის.

„ყველას გილოცავ, ჩვენი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ არის. სიმართლე ჩვენ მხარესაა. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და გადავარჩენთ ქვეყნის დემოკრატიასაც“, – აღნიშნა გვარამიამ.

საკონსტიტუციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო და ასევე, საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე, შეაჩერა იმ მუხლის მოქმედება, რომელიც დაუყოვნებელი აღსრულების ერთ-ერთი საფუძველი გახდებოდა.

Leave A Reply

Your email address will not be published.