“გვესაჭიროება 25 წლამდე გოგონები, 15-წლიანი გამოცდილებით” – “ზღაპრული” ვაკანსიები, რას ჰგავს მენეჯმენტი საქართველოში?!

screenshot_5

ეს კამათის ნაწილია. საუბრის ფინალი შოკში ჩაგაგდებთ. არაფერი მაქვს სათქმელი, მას 6 ფუნქცია 150 ლარად სთხოვეს, 10 საათიანი სამუშაო გრაფიკით და როცა მეგობარმა ჰკითხა, ამ ხელფასად 5 მაინც დაგევალებინათ ან ბონუსები დამირიცხეთო, ერთი კარგად გამოლანძღეს.

ამ ყველაფრის შემდეგ გადავწყვიტე, ექსპერიმენტი ჩამეტარებინა და ჩემი CV-ით მოვიარე დედაქალაქის ცენტრალური ქუჩები. მაგალითად, ე.წ “ფეშენ” მაღაზიები. ყველას ერთი და იგივე შეკითხვას ვუსმევდი: “შეიძლება ჩემი CV დაგიტოვოთ, თუ თქვენი ბაზა გაქვთ, სადაც შემიძლია ჩავაგდო ჩემი მონაცემები, იქნებ ოდესმე ვინმემ წაიკითხოს”?

არავითარი განმარტებები და მით უფრო, კულტურული პასუხები. მხოლოდ გაოგნებული სახეები. ზოგს შუბლზე ეწერა, – შენ რა, პატრონი არ გყავს? გამიჩნდა გრძნობა, რომ არც ერთ მათგანს, არც რეზიუმე დაუწერია ოდესმე და არც ის გაუგია კომპანიის საინფორმაციო ბაზა რას ნიშნავს. კულტურასაც ვერ მოსთხოვ, რადგან, როგორც კი, ერთით მეტ შეკითხვას დასვამ, გაილანძღები.

ეხლა, გახსენით ის საიტები, ვაკანსიების შესახებ, რომ აქვეყნებენ ინფორმაციას. გულწრფელად ვკითხულობ, ვისთვის ქვეყნდება ეს განცხადებები? უცხოპლანეტელებს ხომ არ ეპატიჟებიან ნეტავ?! მაგალითად: ერთ-ერთი ისტერიული მოთხოვნაა, განმცხადებელი იყოს კომუნიკაბელური. მაპატიეთ, მაგრამ რომელი ჭკუათმყოფელი ადამიანი გეტყვით, რომ არაკომუნიკაბელურია და ეძებს სამსახურს?!

მეორე მხრივ, ამ ისტერიკამ გამიჩინა იმედი, რომ ნებისმიერ დაწესებულებაში არიან კომუნიკაბელური ადამიანები და, რომ სხვაგვარად ისინი სამსახურს ვერ მიიღებდნენ. არაერთ ადგილას მივედი (ზოგან დაუპატიჟებლად) და დავუსვი ორად ორი შეკითხვა, ღიმილით. ერთი მხრივ, არ იციან რა გიპასუხონ, მეორე მხრივ, არ ყოფნით ნერვები სწორად მოგემსახურონ. მასიურად არაკომუნიკაბელურობა სუფევს ყველგან.

საერთოდ, გულგრილობის მეშინია ყველაზე მეტად, ზოგან ასეთი განწყობაც გამიჩნდა და უკანმოუხედავად გამოვიქეცი.

რაც შეეხება ვალდებულებებს. როცა 10 ფუნქციას აკისრებ ერთ ადამიანს, მიზერული ხელფასის ფასად, არა მხოლოდ თამაშობ მშიერ და უმუშევარ ადამიანებზე, არამედ პატივს არ სცემ საკუთარ კომპანიას. ერთი ფუნქცია მაინც, ხომ უნდა შესრულდეს ერთი თანამშრომლისგან სრულად და პასუხისმგებლობით? – გიფიქრიათ ამაზე, მენეჯერებო?

როგორც ჩანს, რას ნიშნავს სიტყვა: “მენეჯმენტი”, ჩვენს ქვეყანაში ჯერ არ გაუგიათ. ცუდი სისტემა, ცუდი პოლიტიკა და ცუდი მოპყრობა სხვების მიმართ, ორგანიზაციის სისუსტეა და მენეჯერებმა ეს უნდა გააცნობიერონ და შეცვალონ. აუცილებელია შეიქმნას ნებისმიერ ორგანიზაციაში მყარი საფუძველი დასაქმებულთათვის. და თუ ეს არ ხდება, ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში, მოთხოვნა ხარისხზე საერთოდ არ არის.

ნებისმიერ მცირე კომპანიაშიც კი, თუ მენეჯერისთვის სულერთია, როგორ ემსახურებიან მისი თანამშრომლები კლიენტებს, სულერთია, თანამშრომლების დისცილპინა, ოღონდ ფული აკეთოს და სხვა არაფერი აინტერესებს, ეს ზეწოლაა, როგორც კლიენტებზე, ასევე თანამშრომლებზე და ქმნის ზოგად ქაოსს.

მართვა ურთიერთობის ხელოვნებაა და თუ, არ ხართ მზად იმუშაოთ ხალხთან ერთად, დაეხმაროთ, მოუსმინოთ და გაამხნევოთ ისინი, მაშინ პრეტენზიაც არ უნდა გქონდეთ, რომ ოდესმე თქვენი კომპანია წარმატებული იქნება.

ხელისუფლების ერთ-ერთმა წევრმა, ამასწინათ აღინიშნა, რომ ჩვენ სწრაფი ნაბიჯებით უნდა დავეწიოთ მსოფლიოს განვითარებაშიო. როგორ? – იქნებ, განმარტოთ. დაველოდოთ ხალხის მორალი როდის გაიღვიძებს? კიდევ ერთხელ გახსენებთ, რომ ეს საკითხიც კი, ხელისუფლების პრეროგატივაა. ყველა იმ პრობლემის მოწესრიგებას, რომლის შესახებაც ჩემს ბლოგებში გულისტკივილით ვწერ, პოლიტიკური ნება და რამდენიმე თვე სჭირდება და თუ, ამის სურვილი არ არსებობს, ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ არც პოლიტიკურ წრეებშია სწორი მენეჯმენტი. არასწორი ხალხი არასწორ ადგილზე და მორჩა, ქვეყანა წინ ვერ მიდის.

არაერთხელ მითქვამს და დღესაც უნდა გავიმეორო: სისტემა უნდა დაინგრეს, ძველი საბჭოური სისტემა. დღეს, რაც ხდება ნებისმიერ სავაჭრო ცენტრსა თუ მცირე და მსხვილ კომპანიაში, არ პასუხობს მსოფლიო ცივილურ მოთხოვნებს. კომპანიები, რომლებიც კვლავ ძველებურად, მართავენ ბიზნესს, იერარქიული, მკაცრად ცენტრალიზებული მოდელით – სისტემატურად კარგავენ თანამშრომლებს, ხელს უწყობენ კომპანიის რეგრესს და ხელს უშლიან, ქვეყნის დადებით იმიჯს.

ამ პროცესებში, ყველაზე მეტად გულს მტკენს ის ფაქტი, რომ დაუცველი ხარ. დაუცველი, როგორც თანამშრომელი, როცა მენეჯერი უხეშად და უკანონოდ გექცევა. დაუცველი, როგორც კლიენტი, რადგან არასწორი მენეჯმენტის გამო, ერთი ნივთის შეძენისთვისაც კი გალანძღული რჩები. არ არსებობს სტრუქტურა, სადაც შენს უფლებებს დაიცავ. არ გიცავს კანონი. ადამიანის ღირსება და უფლება ჩვენს ქვეყანაში, ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს და სწორედ, ეს არის დღეს პოლიტიკური ნება.

დავუბრუნდეთ ვალდებულებებს. თქვენთვის პოპულარულ დასაქმების ვებგვერდებზე, ამასწინათ, ამგვარი განცხადება აღმოვაჩინე: “გვესაჭიროება 25 წლამდე გოგონები, 15-წლიანი გამოცდილებით. ქართული, რუსული, ინგლისურისა და თურქული ენების გარდა, კიდევ ერთი ენის ცოდნა უპირატესად ჩაითვლება…” – აღარ გავაგრძელებ. სასაცილოა სატირალი, რომ არ იყოს.
იუმორი არ გეგონოთ. პირველად, მეც მეგონა ციფრები, მექანიკური შეცდომა იყო, მაგრამ…

მსგავსი, გაურკვეველი და შეურაცხმყოფელი განცხადებები დასაქმების ვებგვერდებზე ხშირად იდება და ითვლება, რომ ვაკანსიები ბევრია ჩვენს ქვეყანაში. აბა გარისკეთ და მიდით, საქმიანი ურთიერთობის დასამყარებლად ასეთ კომპანიაში. ხომ წარმოგიდგენიათ შიგნით რა ხდება?
წყარო: კვირის პალიტრა

Comments
Loading...