“გვინდა სასამართლოში წინასწარი პატიმრობის მრჩევლის ინსტიტუტი შემოვიტანოთ”

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რიგით 21-ე სხდომა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი უძღვებოდა.

სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისმა საბჭომ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმისა და წინასასამართლო პრობაციის სამსახურის შექმნის შესახებ იმსჯელა.

„ჩვენ ყველა შევსწრებივართ ისეთ პროცესებს, სადაც, მაგალითად, სახდელდადებული, ჯარიმა მისჯილი პირი წარდგება სასამართლოზე. მისი მოწინააღმდეგე მხარე არის, უბრალოდ, ის პოლიციელი, რომელიც ჯარიმის ავტორია და იქ რეალურად შეჯიბრებითობის პროცესი არ არის. ეს არის, თუნდაც, ერთი, თუმცა, ფუნდამენტური ხარვეზი ამ კოდექსის და ჩვენ გვინდა, ეს კოდექსი მთლიანად გარდავქმნათ. ეს პროცესი დღეს მიდის ლოგიკურ დასასრულამდე”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა წინასწარი პატიმრობის რეფორმის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ გვინდა, რომ სასამართლოში შემოვიტანოთ წინასწარი პატიმრობის მრჩევლის ინსტიტუტი, რომელსაც ექნება შემფასებლის ფუნქცია და მოსამართლეს ურჩევს, მოცემული ბრალდებულის წარსულიდან და მისი საშიშროების ხარისხიდან გამომდინარე, უნდა იყოს ის წინასწარპატიმრობამისჯილი, თუ − არა. ეს ორი მნიშვნელოვანი რეფორმაა“, – განაცხადა წულუკიანმა.

სხდომაზე განიხილეს საკანონმდებლო ცვლილებები, იმსჯელეს თავისუფლების შეზღუდვის გაუქმებასა და შინაპატიმრობის დანერგვის, პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმების დახვეწის, იარაღის უკანონო ბრუნვაზე კონტროლის გამკაცრების; სისხლის სამართლის პროცესში ირიბი მტკიცებულებების შესახებ.

სხდომას საკოორდინაციო საბჭოს წევრები, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო და ადგილობრივი თუ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ცნობისთვის, სისხლის სამართლის საბჭო უფლებამოსილია, შეიმუშაოს და განახორციელოს სისხლის სამართლის რეფორმა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, ასევე, კოორდინაცია გაუწიოს სისხლის სამართლის სფეროში უწყებათაშორისო საქმიანობას. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში შედიან როგორც სამთავრობო უწყებების, ისე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები.

Comments
Loading...