“გვითხრეს ბავშვი კარგად არის, მაგრამ ნინოს სისხლს ვერ ვუჩერებთო”

გაგუას კლინიკაში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის, მეუღლე გიორგი კიწმარიშვილი აცხადებს, რომ 29 წლის ნინო მათიაშვილის მდგომარეობა მშობიარობის შემდეგ დამძიმდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ექიმის დაუდევრობაზე საუბრობენ და ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოსგან საქმეზე ობიქტური დასკვნის დადებას ითხოვენ.
“ძალით ამშობიარეს, შემდეგ გამოვიდნენ და გვითხრეს ბავშვი ცუდად არისო, ინკუპატორში ჩააწვინეს. მე ბავშვზე ვნერვიულობდი, ვიცოდი ნინო ვერ გადაიტანდა მას რომ რამე დამართნოდა, მაგრამ მოგვიანებით გვითხრეს, ჩვილი კარგად არის, მაგრამ ნინოს სისხლს ვერ ვუჩერებთო” – აცხადებს გარდაცვლილის მეუღლე.

ოჯახის ახლობლები პაციენტის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის მოთხოვნით, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციის საბჭოს უახლოეს დღეებში მიმართავენ.

“გვითხრან რატომ არ გაკეთდა ან საკეისრო კვეთა, მე პირადად ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ როდესაც სისხლდენა დაეყწო, საშვილოსნოს ამოღებაც უკვე დაგვიანებული იყო”- აცხადებს ნინო მათიაშვილის ოჯახის ახლობელი.

გაგუას კლინიკაში ახალგაზრდა ქალი 30 აპრილს იმშობიარა, 1-ელ მაისს კი კლინიკაში გარდაიცვალა.

როგორც “ნიუპოსტს” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ გაგუას კლინიკაში ახალნამშობიარები ქალის გარდაცვალების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რეგულირების სააგენტოში შეტყობინება თავად გაგუას კლინიკამ შეიტანა.

გაგუას კლინიკაში მომხდარის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა მათი განცხადებით კლინიკა დაინტერესებულია რომ გამოძიება სწორი მიმართულებით წავიდეს.

სამედიცინო დაწესებულების მენეჯერის ინფორმაციით, არცერთ ექიმს უფლებამოსილება არ შეწყვეტია.

წყარო: newposts.ge

Comments
Loading...