ჰააგის ტრიბუნალს შეუძლია პირი დააპატიმროს გაეროს წევრ ნებისმიერ სახელმწიფოში

შვიდი წლის შემდეგ ჰააგის საერთაშორისო სასამართლო რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიებას იწყებს. საქმის პროკურორმა ფატუ ბენსუდამ ამასთან დაკავშირებით, ოფიციალური ნებართვა უკვე მიიღო. საქმე 2008 წლის 1-ელი ივლისიდან 10 ოქტომბრამდე ე.წ სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებს ეხება. საერთაშორისო სასამართლოს ინფორმაციით, არსებობს გონივრული საფუძველი, რომ ჩადენილი იქნა სისხლის სამართლის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სასამართლოსთვის ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს ომის დანაშაულში ძირითად ეჭვმიტანილ მხარედ გამოკვეთილია სამხრეთ ოსეთის შეიარაღებილი ძალები. პროკურორის, ფატუ ბენსუდას თქმით, რუსული შეიარაღებული ძალების წევრები არ არიან მთავარი პასუხისმგებელი პირები. რაც შეეხება ქართულ მხარეს მათი დანაშაული ამ ეტაპზე ორ ეპიზოდში იკვეთება. თუმცა მოსამართლე ფიქრობს, რომ ამ საქმეზე სრულმაშსტაბიანი გამოძიება უნდა დაიწყოს.

“მოთხოვნის და დამატებითი მასალების შესწავლის შედეგად, მოსამართლეებმა დაასკვნეს, რომ არსებობს გონივრული საფუძველი ვიფიქროთ, რომ დანაშაული ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას ეკუთვნის. ჩადენილ იქნა სისხლის სამართლის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, მაგალითად: მკვლელობა, მოსახლეობის იძულებით გადაადგილება და დევნა, ასევე ომის დანაშაულები, როგორიცაა სამოქალაქო პირებზე თავდასხმები, წინასწარ განზრახული მკვლელობები, თავდასხმები მშვიდობისმყოფელებზე, ქონების განადგურება, ძარცვის ფაქტები, რომლებიც 2008 წლის 1-ელი ივლისიდან 10 ოქტომბრამდე შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში დაფიქსირდა”, – წერია ჰააგის სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განმარტებით, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების ფორმულირებები სამართლებრივად სწორი და შესაბამისობაშია საქართველოს ეროვნულ და სახელმწიფო ინტერესებთან.

“ჩვენ შევისწავლეთ ეს გადაწყვეტილება და მიგვაჩნია, რომ მისი ფორმულირებები არის სამართლებრივად სწორი და შესაბამისობაშია საქართველოს ეროვნულ და სახელმწიფო ინტერესებთან.

“კერძოდ, გადაწყვეტილებაში ნათქვამია არაერთხელ, რომ სამხრეთ ოსეთი არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და ის არის საქართველოს ნაწილი. ასევე ნათქვამია, რომ ჰააგის სასამართლო მხედველობაში იღებს მხოლოდ იმ საგამოძიებო მოქმედებებს, რომელიც ერთი მხრივ, რუსეთში და მეორე მხრივ, საქართველოში ჩატარდა.

“ის არ და ვერ მიიღებს მხედველობაში იმ საგამოძიებო მოქმედებებს, რომლებიც შეიძლება ჩატარებულიყო სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ, რადგან სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო არ არის.

“ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე მოცემულია ყველაფერი ის, რაც ჩვენ, როგორც მხარემ, ქალბატონი ფატუ ბენსუდას თბილისში ვიზიტის დროს მასთან დავაყენეთ, როგორც საკითხები.

“კერძოდ, როგორც მოველოდით, გადაწყვეტილებაში განსაკუთრებილი ადგილი ეთმობა ქართველთა ეთნიკურ წმენდას და ჰააგის მოსამართლე ამბობს, რომ იმ ფაქტების მიხედვით, რაც ხელთაა ამ ეტაპზე, ომის დროს არსებობდა შემუშავებული მოდელი, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართველთა ეთნიკური წმენდისა, რაც გულისხმობდა მათ განზრახ მკვლელობებს, ქართველების სახლების იდენტიფიცირებას ხშირად ადგილობრივი მიმთითებლების დახმარებით, რათა ეს სახლები ყოფილიყო განადგურებული მას მერე, რაც იქიდან მითვისებული იქნებოდა ნივთები და საქონელი”, – განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, როგორც ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტლებაშია ნათქვამი, იმ ფაქტების მიხედვით, რაც მათ ხელთ არის, დღეს, როგორც ჩანს, ეს ყველაფერი, ქართველების ეთნიკური წმენდა მიზნად ისახავდა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის ცვლილებას, რათა სამხრეთ ოსეთს მიეღწია დამოუკიდებლობისთვის და გაწყვეტილიყო სამხრეთ ოსეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის კავშირი.

“როგორც ჰააგის მოსამართლე ამბობს, იმ ფაქტების მიხედვით, რაც მას დღეს აქვს, 8 ათასზე მეტი ქართველის სახლი არის დანგრეული, 100-ზე მეტი ქართველი არის განზრახ მოკლული და 20 ათასამდე დევნილი გახდა”, – აღნიშნა წულუკიანმა. მისივე თქმით, საქართველოს გზა ეხსნება იქითკენ, რომ ჰააგის პროკურორთან ერთად, ანწუხელიძის, სოფრომაძის და სხვა სამხედრო ტყვეების მკვლელობის თემაზეც იმუშაოს.

“ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს წინა შემოდგომიდან მუშაობა იმ შუამდგომლობებზე, რომელიც გვინდა, რომ სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ პროკურორს წარვუდგინოთ. რა თქმა უნდა, აქცენტები არ იცვლება და ჩვენ გამოძიების ბოლომდე, ვიდრე ჭეშმარიტება არ დადგინდება, აქცენტს გავაკეთებთ ორ მნიშვნელოვან რამეზე – პირველი, როგორც ადრე ითქვა, არის ის, რომ ეთნიკური წმენდა რაც ომამდე, ომის დროს და ოქტომბრის პერიოდამდე მოხდა, როგორც ეს ნათქვამია სასმართლოს გადაწყვეტილებაში, არა მხოლოდ ფაქტების, არამედ სამართლებრივი შეფასებების დონეზე დავამტკიცოთ.

“დავამტკიცოთ, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს ნაწილია, მართლაც არის მომხდარი ქართველების ეთნიკური წმენდა და ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სტრატეგიული მიმართულება”, – განაცხადა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრის თქმით, მტკიცებულებები იმაზე მეტია, ვიდრე საჭიროა.

საქართველოსთან ერთად საერთაშორისო სასამართლოსთან აქტიურ თანამშრომლობას აპირებს კონფლიქტის მეორე მხარე. რუსეთმა ჰააგის სასამართლოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ საკუთარი გამოძიების მასალები უკვე გადასცა.
როგორც “რია ნოვოსტი” იტყობინება, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ მარკინმა განაცხადა, რომ გამოძიება ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტმა ჩაატარა.

“რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ჩაატარა ქართველი სამხედროების მიერ ჩადენილი დანაშაულებების დეტალური გამოძიება. რუსი გამომძიებლების მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება და მასალა საერთაშორისო სასამართლოს გადაეცა”, – განაცხადა მარკინმა.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ტასოევი კი აცხადებს, რომ ჰააგის სასამართლო გამოძიებისას გვერდს ვერ აუვლის ქართველი ჯარისკაცების მიერ “სამხრეთ ოსეთში ჩადენილი დანაშაულების შესახებ ათასობით ჩვენებას”.

“ყველა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ქართველი სამხედროების მიერ სამხრეთ ოსეთში ჩადენილ სისასტიკეს, შეგროვდა და გადაეცა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. მტკიცებულებების ბაზაში დეფიციტი არ არის.
“სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორები მინიმალური მიუკერძოებლობის შემთხვევაშიც კი ვერ შეძლებენ გვერდი აუარონ ამ მრავალრიცხოვან მტკიცებულებებს”, – განაცხადა ტასოევმა.

ა/ო ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის ხელმძღვანელის, ლია მუხაშავრიას განმარტებით, გამოძიება ეცდება დაადგინოს, კონკრეტულად ვინ ჩაიდინა დანაშაული. მისივე თქმით, აღსრულების პროცესი მარტივია – მოხდება იმ მაღალი თანამდებობის პირების დაკავება, რომელთაც ბრალი დაუმტკიცდება.

“თუ საერთაშორის სასამართლო დამნაშავის იდენტიფიკაციას მოახდენს, ტრიბუნალს შეუძლია პირი დააპატიმროს გაეროს წევრ ნებისმიერ სახელმწიფოში. ეს არის გაეროს სასამართლო, ამიტომ ყველა წევრი ქვეყანა ვალდებულია, რომ დააპატიმროს, იმიტომ, რომ სასამართლო იძიებს და იხილავს ყველაზე მძიმე დანაშაულებების კატეგორიას, როგორიც არის – ეთნოწმენდა, გენოციდი და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული.

“ასეთი გადაწყვეტილების აღსრულება დაუყოვნებლივ მოხდება. გარდა ამისა, მაგალითად ცნობილია, რომ რუსეთი არ თანამშრომლობს ამათთან, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში რამე გართულება იქნება – პირი როგორც კი დატოვებს იმ ტერიტორიას, სხვა ქვეყანაში დააპატიმრებენ, ასე რომ, ხელისშემშელი პრაქტიკულად არაფერი იქნება.

“ამ შემთხვევაში სასამართლო იმითაც არის საყურადღებო, რომ ის არ სჯის შემსრულებლებს. სჯის ბრძანების გამცემებს და კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილ პირებს.

“ეს სასამართლო იმითაცაა ცნობილი, რომ პრეზიდენტები და პრემიერებიც ჰყავს გასამართლებული და ახლაც მიმდინარეობს ასეთი პირების წინააღმდეგ პროცესი. ასე რომ, არავინ არ არის დაზღვეული, რომ პოლიტიკური მაღალი თანამდებობა დაიცავს და პასუხისმგებაში არ მიეცემა”, – უთხრა “რეზონანსს” მუხაშავრიამ.
მისივე თქმით, წინასწარ ძალიან ძნელია იმის თქმა კონკრეტულად თუ ვის წინააღმდეგ შეგროვდება მტკიცებულებები.

“ანწუხელიძის და სხვათა საქმეებს რაც შეეხება, მე საქმის დეტალები დანამდვილებით არ ვიცი, ამიტომ ვერაფერს გეტყვით უბრალოდ საინტერესოა, რომ გამოძიების საგანი მხოლოდ აგვისტოს მოკლე პერიოდი არ არის. გამოძიებას მოიცავს შემდგომ პერიოდსაც, როცა მოქალაქეები აღმოჩნდნენ ტყვეობაში და ამ ტყვეობაში არაადამიანური მოპყრობის და წამების მსხვერპლები გახდნენ.

“არა მგონია, რუსეთი მშრალად გამოვიდეს, იმიტომ რომ გამოძიება ვის წინააღმდეგაც შეაგროვებს მტკიცებულებს, ყველას მისცემს პასუხისგებაში. სხვათა შორის წინასწარ განცხადებაში, რომელიც პროკურომა გააკეთა, თქვა, რომ იკვეთება რუსეთის სამხედროების დანაშაულიც, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მას არც ქართული მხარის დანაშაული გამოურიცხავს. ეს არის სასამართლო, რომელიც ფიზიკურ პირებს აძლევს პასუხისგებაში.
გარწმუნებთ, ძალიან დიდი ალბათობით სამივე მხარის პირები მიეცემიან პასუხისმგებაში. ასეთი სერიზოული გამოძიება ამდენი წლის მერე არ დაიწყებოდა ისე, რომ საფუძველი არ იყოს”, – ამბობს ლია მუხაშავრია.

“რეზონანსი”

Comments
Loading...