HBO-მ, რასიზმის გამო, სტრიმინგ სერვისიდან ფილმი “ქარწაღებულნი” ამოიღო

HBO Max-მა საკუთარი სტრიმინგ სერვისიდან 1939 წელს გამოშვებული ამერიკული ფილმი “ქარწაღებულნი” (Gone With the Wind) ამოიღო.

როგორც კომპანიის წარმომადგენლის განცხადებაში ვკითხულობთ, ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ფილმი ასახავს იმ ეპოქის ეთნიკურ და რასობრივ სტერეოტიპებს, რომლისაც მისი გადაღებისას ამერიკულ საზოგადოებაში არსებობდა და მაშინაც ისეთივე არასწორი იყო, როგორიც დღესაა.

HBO Max-ის სპიკერის თქმით, ფილმი კატალოგში მას შემდეგ დაბრუნდება, რაც მას მის ისტორიულ კონტექსტზე დისკუსია დაერთვება, რათა რასისტული სტერეოტიპების მხილება მოხდეს.

კომპანიის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ოსკარის მფლობელი რეჟისორის, ჯონ რიდლის განცხადება, რომელმაც HBO Max-ს ფილმის კატალოგიდან ამოღებისკენ მოუწოდა, რამდენადაც ის აშშ-ში სამოქალაქო ომამდელ სამხრეთს განადიდებს, ფერადკანიან პერსონაჟებს ყველაზე მტკივნეული სტერეოტიპებით წარმოაჩენს და მონობის საზარელი ასპექტების იგრნორირებას ახდენა.

როგორც Deadline წერს, 1939 წელს გადაღებული ფილმი რასობრივი უთანასწორობის შესახებ პროტესტის ფონზე კარგად მართლაც არ “ძველდება”. ფილმში მონები წარმოჩენილია, როგორც საკუთარი ხვედრით ბედნიერი და მფლობელთა მიმართ ერთგული ადამიანები და მეტიც, რომანტიზებას ახდენს ვივიენ ლის პესონაჟის, სკარლეტ ო’ჰარას ტანჯვას სამოქალაქო ომის დროს და მის შემდეგ.

აღნიშნულმა ფილმმა 8 ოსკარი მოიპოვა და პირველი ფილმი იყო, რომელში მონაწილეობისთვისაც ოსკარი შავკანიან მსახიობს გადაეცა. ჯილდო ჰეიტი მაკდანიელს გადაეცა, რომელიც ფილმში ერთგული მსახურის როლს ასრულებს. ფილმი ასევე დასახელდა სუკეთესო სურათად და მიიღო ჯილდო საუკეთესო რეჟისურის, მთავარი როლის შემსრულებლის, საუკეთესო სცენარის და სხვა კატეგორიებში.

Comments
Loading...