ჰილარი კლინტონი საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად მივიდა (ვიდეო)

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ბოლო ინფორმაციით, საკუთარი არჩევანი პრეზიდენტობის კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა დააფიქსირა. ტელეკომპანია CBS-ის ცნობით, „დემოკრატების“ კანდიდატი ნიუ იორკში, საარჩევნო უბანზე მეუღლესთან, ბილ კლინტონთან ერთად მივიდა.

ამასთან, პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის ვაჟმა ერიკმა გააკეთა საკუთარი არჩევანი და, როგორც თავად განაცხადა, ხმა მამამისს მისცა.

„უდიდესი პატივია მამაჩემისთვის ხმის მიცემა“, – აღნიშნა ერიკ ტრამპმა.

ამ დროისთვის, ხმის მიცემის პროცედურა იწყება აშშ-ის ცენტრალურ ნაწილში მდებარე შტატებში, საარჩევნო უბნები გაიხსნა აიოვას, ალაბამას, არიზონას, ვისკონსინის, კანზასის, მისისიპისა და ტეხასის შტატებში.

ხმის მიცემის პროცედურის შედეგები ხვალ, თბილისის დროით დილის საათებში გახდება ცნობილი.

სააგენტო Reuters-ის და სოციოლოგიურ კომპანია Ipsos-ის ჩატარებული ერთობლივი გამოკითხვის თანახმად, აშშ-ის დემოკრატიული პარტიის კანდიდატის, ჰილარი კლინტონის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი 90%-ს შეადგენს.

გამოკითხვის თანახმად, კლინტონისთვის ხმის მისაცემად ამომრჩევლის 45%, ტრამპისთვის კი 42% არის მზად. არსებული პროგნოზით, კლინტონი ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 303 ხმას მიიღებს, ტრამპი კი 235-ს. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატს 270 ხმა სჭირდება.

წყარო: ინტერპრესნიუსი

Comments
Loading...