ია მეტრეველი – მათი მმართველობის პერიოდში 160 ბიჭი ქუჩაში ჰყავდათ დახვრეტილი…

ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი

„ეს არის ცინიზმი! სასაცილოა უკვე სატირლად რომ არ გვქონდეს საქმე. „ნაციონალური მოძრაობა”, დღეს რომ ვითომდა სამართლიანობის მოთხოვნით გვევლინება და ისეთ თემებზე აპელირებს, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, გამოუძიებელი საქმეების გამოძიება, და ა.შ. სამარცხვინოა, როდესაც მათი მმართველობის პერიოდში 160 ბიჭი ქუჩაში ჰყავდათ დახვრეტილი, აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რაც ციხეებში ხდებოდა. ეს იმიტომ, რომ თავის დროზე არ გაეცა „ნაციონალების” დანაშაულებს საკადრისი პასუხი, არ დაერქვა ყველაფერს თავისი სახელი, „ნაციონალური მოძრაობა” არ გამოცხადდა დამნაშავე პარტიად და არ იქნენ აღიარებული სისტემური რეჟიმის დამნაშავეებად.

საზოგადოების მოთხოვნა არის „ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვა. ძალიან მტკივნეულია საზოგადოებისთვის და უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ჩემთვის, როდესაც „ნაციონალები” სამართალზე გვესაუბრებიან. საზოგადოების უდიდესი ნაწილის სურვილია „ნაციონალურმა მოძრაობამ” პასუხი აგოს ყველა ჩადენილ დანაშაულზე. მათ ასეთი განცხადებების უფლება კი არ უნდა ჰქონდეთ, არამედ საკადრისად უნდა იყვნენ დასჯილები იმისთვის, რაც დააშავეს. ეს არის დაცინვა. ამაზრზენია იმის მოსმენა, რომ „ნაციონალური მოძრაობა” ითხოვს გამოუძიებელი საქმეების გამოძიებას. ჩვენ რომ ვითხოვდით პარლამენტში კომისიის შექმნას, როდესაც ამ ჩვენი უბედურების გამოძიებას ვითხოვდით – დაგვცინოდნენ. ყოველდღე მატულობდა დაღუპულთა რიცხვი, უმოწყალოდ ქუჩაში დახოცილების, სრულიად უდანაშაულო ხალხის. დღეს კი ამდენი უბედურების ჩამდენი და შემოქმედნი ბედავენ და ასეთ რაღაცეებს ითხოვენ.

ახალმა ხელისუფლებამ რომ მათთან მიმართებაში მათივე მეთოდები გამოიყენოს, ღირსებიც იქნებოდნენ. ეგ რომ არ მოხდა და ძალიან ლოიალურია დღევანდელი ხელისუფლება, ყველაფერი ამის ბრალია. ყოველი მათგანი, ვისაც რა ჰქონდა ჩადენილი, სათანადოდ რომ დასჯილიყო, ამდენს ვეღარ გაბედავდნენ. სამწუხაროდ, მათ არაფერზე აგეს პასუხი და ეს არის მთელი უბედურება”, – აცხადებს ია მეტრეველი.

Comments
Loading...