იან კელი: აშშ და საქართველო ტერორიზმს ერთად უპირისპირდებიან

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის იან კელის განცხადებით, საქართველო და აშშ ტერორიზმს ერთად უპირისპირდებიან.

აღნიშნული განცხადებით იან კელი რუსეთის პირველი დიპლომატის, სერგეი ლავროვის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, პანკისის ხეობაში ტერორიზმის საფრთხე არსებობს.

აშშ-ს ელჩის თქმით, ის საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციას ენდობა, რომლის მიხედვითაც, სიტუაცია ხეობაში სრულად კონტროლდება.

კელი რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მისთვის ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკა მისაღებია.

„აღვნიშნავ, რომ აშშ და საქართველო ერთად დგანან და ერთად უპირისპირდებიან ტერორიზმს. მოვისმინეთ მოსკოვში გუშინ გაკეთებული განცხადება. ამასთან დაკავშირებით მოვიშველიებდი იმ სიტყვებს, რომელიც გიორგი კვირიკაშვილს ეკუთვნის. მან განაცხადა, რომ სიტუაცია კონტროლდება და ჩვენ ამაში საქართველოს სრულად ვუჭერთ მხარს“, – განაცხადა იან კელიმ.

რაც შეეხება ქვეყნებს შორის კონტაქტების აღდგენას, აშშ-ს ელჩი მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი თავად საქართველოს გადასაწყვეტია.

„ჩვენ მივესალმებით პრაგმატულ მიდგომას და არსებული არხების გამოყონებას, რომელიც ინფორმაციის გაცვლისა და დიალოგისთვის არსებობს. ეს გახლავთ ჟენევის ფორმატი და აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებები. ჩვენ საქართველოს ამ მხრივ მხარს ვუჭერთ“, – განაცხადა იან კელიმ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ტერორისტული საფრთხეები პანკისის ხეობაში არ გამქრალა. ლავროვის თქმით, რუსეთის ფედერაციაში აკრძალული „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები წვრთნებს პანკისის ხეობაში გადიან.

ამასთან, სერგეი ლავროვი პერსპექტივაში საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების კონტაქტს არ გამორიცხავს. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე, ქართველ კოლეგა მიხეილ ჯანელიძესთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

Comments
Loading...