იან კელი: მზად ვართ, საკმაოდ ღრმა თანამშრომლობა გავაგრძელოთ

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი ახალ პარლამენტთან და მთავრობასთან თანამშრომლობის გაგრძელებას ელის.

ამის შესახებ მან ქუთაისში მდებარე პარლამენტში განაცხადა, სადაც მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა იმართება.

როგორც აშშ-ს ელჩმა აღნიშნა, მისთვის დიდი პატივია იქ ყოფნა.

“რა თქმა უნდა, ძალიან დიდი დღეა, რადგან პარლამენტის შეკრების პირველი დღეა. ჩვენ სულმოუთქმელად ველოდებით ახალ პარლამენტთან და მთავრობასთან თანამშრომლობას. ჩვენ ისედაც გვაქვს საკმაოდ ღრმა თანამშრომლობა და მზად ვართ, გავაგრძელოთ ეს თანამშრომლობა”, – განაცხადა იან კელიმ.

მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გახსნა.

Comments
Loading...