იან კელი – სამწუხარო იქნებოდა, რომ ბრალდებებს ქართული ჯარის ამაყი რეპუტაცია შეელახა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის იან კელის შეფასებით, კარგია, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის განცხადების საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

ელჩის განცხადებას საქართველში აშშ-ს საელჩო ავრცელებს.

“ვნახეთ ცნობები პრესაში. კმაყოფილნი ვართ, რომ თავდაცვის სამინისტრო საკითხს სერიოზულად მოეკიდა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ბრალდებების გამოძიება დაიწყო. აშშ ამაყობს, რომ უთვალავ სამშვიდობო მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების პარტნიორია. სამწუხარო იქნებოდა, ამ ბრალდებებს ქართული ჯარის ამაყი რეპუტაცია შეელახა“, განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ზეიდ რა’ად ალ ჰუსეინის განცხადებით, უკიდურესად შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ უცხოელი ჯარისკაცების მხრიდან, ცენტრალურ აფრიკაში სექსუალური სახის ძალადობა გრძელდება.

კომისრის განცხადება გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარიატის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა, სადაც აღნიშნულია, რომ დანაშაული 2014 წელს მოიცავს, თუმცა ამის შესახებ ცნობილი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გახდა.

კომისრის ინფორმაციით, სექსუალური სახის ძალადობაში ფრანგ სამხედროებთან ერთად, ქართველი სამხედროებიც მონაწილეობდნენ. კერძოდ, მისი თქმით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველმა სამხედროებმა მცირეწლოვანი გოგონების წინააღმდეგ სექსუალური ძალადობა განახორციელეს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, თანამდებობას ექვსი პირი ჩამოაშორეს, რომლებიც 2014 წელს აღნიშნულ თემებს უშუალოდ კურირებდნენ.

Comments
Loading...