იან კელი – საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი აქვს!

აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში იან კელი ”კვირის პალიტრასთან“ საუბრისას სხვა თემებთან ერთად იმ განსხვავებებზეც საუბრობს, რაც 39 წლის შემდეგ დახვდა საქართველოში. –„ 1976 წელს ლენინგრადის უნივერსიტეტის სტუდენტი გახლდით. ეს ბრეჟნევის პერიოდი იყო. ლენინგრადი ძალიან მიყვარდა და მოსკოვშიც ჩავდიოდი ხოლმე. მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ეს იყო მძლავრი ტოტალიტარული სისტემა. ბევრ რუსს არ სურდა ჩემთან საუბარი მხოლოდ იმიტომ, რომ ამერიკელი ვიყავი. საბჭოთა ტურისტულმა სააგენტომ სტუდენტები ოთხი დღით თბილისში ჩამოგვიყვანა. საქართველოში ჩამოსვლა ჩემთვის გაბრწყინებასავით იყო. გაკვირვებული დავრჩი იმ ფერებით, რომელიც აქ ვიხილე. საოცარი იყო, თუ რამდენად გულღია იყვნენ ქართველები ჩემდამი, როგორც ამერიკელი ტურისტისადმი. ასევე, გამაკვირვა იმ სიამაყემ, რომელსაც ქართველები აშკარად გამოხატავდნენ თავისი ქართველობის, საქართველოსადმი კუთვნილების მიმართ. გარკვეულწილად, ქართველები სანიმუშოებიც იყვნენ საბჭოთა კავშირში – ისინი იდენტიფიკაციას ახდენდნენ ჯერ როგორც ქართველები და შემდეგ როგორც საბჭოთა კავშირის მოქალაქეები.
მას შემდეგ რამდენჯერმე დავბრუნდი საქართველოში – იყო ცუდი და კარგი პერიოდებიც. საქართველოში ვიყავი 1995 წელს – ცუდი დრო იყო, ელექტროენერგიის დეფიციტი, ქვეყანას ჰყავდა უამრავი იძულებით გადაადგილებული პირი და ხშირად ქუჩაში გამოსვლაც კი სახიფათო იყო.
შემდეგ საქართველოში 2012 წელს ვიყავი და ისევ გაბრწყინებასავით იყო ჩემთვის იმ კუთხით, თუ რაოდენ დიდი პროგრესი განიცადა საქართველომ. დიპლომატიური მუშაობის 30-წლიანი გამოცდილება მაქვს და ამ პერიოდში მსურდა მხოლოდ ერთი სამუშაო – რომელიც დამაყენებდა ბრძოლის ველზე იმ ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის, რომელიც ჩრდილოელი მეზობლის ჩარევას განიცდის“.
იან კელი საქართველოში მედიის და სასამართლოს თავისუფლების ხარისხს შეეხო: “შესავლის სახით ვიტყვი, რომ საქართველოში ორ თვეზე ნაკლებია, რაც ვიმყოფები. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო გახლავთ ნათელი შუქი მედიის თავისუფლების, პლურალიზმის თვალსაზრისით, სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით. რეალური ნაბიჯები გადაიდგა, რომ სასამართლო დამოუკიდებელი იყოს, გადაწყვეტილებები კი – მიუკერძოებელი. ჩემი ყოფილი უფროსი, ჰილარი კლინტონი, ამბობდა და დღესაც ამბობს – დემოკრატია არ არის მიზანი, დემოკრატია პროცესია. “
ელჩი ხაზს უსვამს იმასაც, რომ აშშ-ს პოზიცია საქართველოს ნატოში ინტეგრაციისადმი მტკიცე და ურყევია, ამასთან მტკიცედ სჯერა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი აქვს.
იან კელი კიდევ ერთხელ შეეხო რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს და განაცხადა: -„მე დიპლომატი ვარ, არა ვარ ამ ქვეყნის გადასახადის გადამხდელი და ამომრჩეველი. ამიტომ არ იქნება სწორი, სასამართლო პროცესის სამართლებრივ ბუნებაზე ვისაუბრო, რაც არ ნიშნავს, რომ ჩემი აზრი არ გამაჩნია… ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ერთი საერთო მიზანი გვაქვს – იმის უზრუნველყოფა, რომ საქართველომ მიაღწიოს მიზანს და ევროატლანტიკური სისტემის სრულფასოვანი წევრი გახდეს. ვთვლი, რომ ჩემი როლი იმის აღნიშვნაა, თუ რა დევს ფსონად და რა შეიძლება მოჰყვეს გარკვეულ ქმედებებს. იწყება საარჩევნო წელი (თუ უკვე არ არის დაწყებული) და ნამდვილად უცნაური იქნება წამყვანი ოპოზიციური არხის მიერ მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა. თუ საბოლოო შედეგი ამ ქმედებისა იქნება ის, რომ ოპოზიცია საბოლოოდ დაკარგავს წვდომას ამ სატელევიზიო არხზე, ან ეს არხი ზეკრიტიკულიდან გახდება ნეიტრალური, ან კიდევ უარესი, პროსამთავრობო, ეს გამოიწვევს ეჭვს, რომ საქართველოში არ არის უზრუნველყოფილი თანაბარი სათამაშო ველი. მათ უფლება აქვთ, გააჟღერონ ის მოსაზრებები, რომლებიც შესაძლოა, გამოხატავდეს თუნდაც ”ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებს. გულახდილად გეტყვით – ამერიკაში გვაქვს სატელევიზიო არხები, რომელთა ყურების შედეგად ლამის გულის შეტევა მივიღო ხოლმე. მაგალითად, ვერ ვუყურებ ”რაშა თუდეის”. თუმცა პასუხი ამაზე არ არის მენეჯმენტის შეცვლა, პასუხი ღია კონკურენციაა. რაც შეეხება უკანონო მოსმენების შედეგად მიღებულ ინფორმაციას, რთულია იმის თქმა, რამდენად რეალურია ეს“.
ჟურნალისტის კითხვაზე-რას ფიქრობს საქართველოს ხელისუფლებისა და ”გაზპრომის” მოლაპარაკებებზე, ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველოს არ უნდა მიადგეს ზიიანი და არ უნდა მიეცეს საშუალება ერთ კონკრეტულ სახელმწიფოს, რომ ხელში ჩაიგდოს ბერკეტი საქართველოს ენერგო-უსაფრთხოებაზე ზემოქმედებისთვის. –„ამ მხრივ საქართველოს მთავრობა ცდილობს წყაროების დივერსიფიცირებას. როდესაც ვხედავთ საზოგადოებისა თუ ოპოზიციის შეშფოთებას, მთავრობისთვის მნიშვნელოვანია, უზრუნველყოს ”სოკარსა” თუ ”გაზპრომთან” მისი ურთიერთობების გამჭვირვალობა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის კორიდორი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ცენტრალური აზიიდან ევროპამდე სახელმწიფოების უსაფრთხოებას გულისხმობს და მას ზიანი არ უნდა მიადგეს. რაც შეეხება ”გაზპრომისგან” მიღებული გაზის მოცულობას, როგორც ვიცით, არ არის იმ რაოდენობის, რომელიც შეიძლება რაიმე ზიანის მომტანი გახდეს“. საუბრის დასასრულს კი, აშშ-ს ელჩმა იმდეი გამოთქვა, რომ საქართველოს დაუფასდება ის ნაბიჯები, რაც მან გადადგა ვიზა-ლიბერალიზაციისთვის და აქვე დასძინა:-„ჩვენ ნამდვილად ვატყობინებთ ბრიუსელს, რომ მხარს ვუჭერთ ამ პროცესს“.

წყარო :kvirispalitra.ge

Comments
Loading...