იან კელი: საქართველოში ჩამოსვლა მსურდა, რათა დავხმარებოდი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში

საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი გაზეთ „კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის როლთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას პასუხობს და ხაზს უსვამს, რომ პრიორიტეტს წარმოადგენს, რუსული ჯარი დაბრუნდეს კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე.

„მსურდა საქართველოში ჩამოსვლა იმიტომ, რომ ხელი შემეწყო და დავხმარებოდი საქართველოს სუვერენიტეტის დაცვასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, იმაში, რომ საქართველოს ჰქონდეს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი გზა. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ერთხმად ილაპარაკოს მსგავს დარღვევებზე. ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების პუნქტები დღემდე არ არის შესრულებული, სადაც შავით თეთრზეა აღნიშნული, რომ რუსული ჯარი უნდა დაბრუნდეს კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე. ამ მხრივ, ეს პრიორიტეტია, რომელზეც ვმუშაობთ.

ვაფასებ საქართველოს ხელისუფლების მიდგომას, იმ თავშეკავებასა და პრაგმატიზმს, რომელსაც იჩენს. საერთაშორისო ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ასპექტია ბრძოლის ისეთი ფორმის შერჩევა, რომელშიც გაიმარჯვებ.

აშშ აქტიური მონაწილეა ჟენევის ფორმატისა. ვაფასებ საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რის შედეგადაც რუსეთთან ურთიერთობის ახალი არხი გაიხსნა. ზურაბ აბაშიძე ძალზე გამოცდილი და პრაგმატული დიპლომატია. ამდენად, არსებული ფორმატები – ჟენევის მოლაპარაკებები და აბაშიძე-კარასინის არხი – იძლევა აქტუალური თემების უფრო აქტიურად განხილვის საშუალებას. მინდა, დადებითად შევაფასო საქართველოს მთავრობის რეინტეგრაციის პოლიტიკა.
მთავრობა ამ მხრივ კარგ ნაბიჯებს დგამს და ცდილობს გრძელვადიანი სტრატეგიის გატარებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ინტეგრაციისთვის”
, – განაცხადა იან კელიმ.

კელიმ ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე დასახლებული პუნქტებიდან ქართველების გატაცების გახშირებულ ფაქტებზეც ისაუბრა.

„ვთვლი, რომ გატაცებები მართლაც საზარელი მოვლენაა XXI საუკუნეში. სამწუხაროდ, ვიდრე გვექნება უფრო კარგი ფორმატი ურთიერთობისთვის თბილისსა და ცხინვალს, თბილისსა და სოხუმს, ან თბილისსა და მოსკოვს შორის, ჩვენ გვიწევს, ვიყოთ დამოკიდებული იმ ფორმატებზე, რომლებიც დღეს არსებობს.
სამწუხაროდ, რეალობა ასეთია, ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, როგორშიც ვცხოვრობთ”
, – განმარტავს ამერიკელი დიპლომატი.

იან კელის თქმით, მისი სურვილი იყო, ემუშავა იმ ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დასაცავად, რომელიც ჩრდილოელი მეზობლის ჩარევას განიცდის.

„დიპლომატიური მუშაობის 30-წლიანი გამოცდილება მაქვს და ამ პერიოდში მსურდა მხოლოდ ერთი სამუშაო, რომელიც დამაყენებდა ბრძოლის ველზე იმ ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის, რომელიც ჩრდილოელი მეზობლის ჩარევას განიცდის. ეს იყო ერთადერთი სურვილი, რომელიც მქონდა”, – აცხადებს იან კელი

Comments
Loading...