იანოშ ჰერმანი – ეს გახლავთ უდიდესი წარმატება

ევროპული კომისია თვლის, რომ საქართველო აკმაყოფილებს ყველა მისაღწევი სტანდარტის მოთხოვნას, რომელიც ვიზალიბერალიზაციის გეგმაშია გაწერილი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოჰ ჰერმანმა “თბილისი მარიოტში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც საზოგადოებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში წარუდგინა.
ჰერმანის შეფასებით, პროგრესი, რომელსაც საქართველომ უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ყველა მიმართულებით მიაღწია, მყარი და ეფექტურია.
“მე ახლა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა მიჭირავს ხელში… მოხსენებიდან გამომდინარე, საქართველომ მიაღწია სავალდებულო პროგრესს. ევროპული კომისია თვლის, რომ საქართველო აკმაყოფილებს ყველა მისაღწევი სტანდარტის მოთხოვნას, რომელიც ვიზალიბერალიზაციის გეგმითაა გაწერილი. პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში იმ ყველა მიმართულებით, რომელიც მოცემულია სამოქმედო გეგმაში, გახლდათ მყარი და ეფექტური, რაც საქართველოს მთავრობის მხრიდან უწყვეტი ძალისხმევის ნათელი გამოხატულება იყო. მე ვთვლი, რომ ვიზალიბერალიზაციის გეგმის მისაღწევი სტანდარტების დაკმაყოფილება დღესდღეობით საქართველოში ეროვნული პრიორიტეტი გახლავთ. ნება მომეცით განვაცხადო, რომ ეს გახლავთ უდიდესი მიღწევა, რომელმაც უდიდესი წარმატება მოიტანა, აღნიშნული წარმატება კი ნამდვილად სარგებლის მომტანი იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის”, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
ამასთან, ევროკავშირის ელჩმა საქართველოს მოსახლეობას და ყველას, ვინც წვლილი შეიტანა წარმატების მიღწევაში, დღევანდელი დღე მიულოცა.

Leave A Reply

Your email address will not be published.