იაშვილის საავადმყოფო გარდაცვლილი ბუკა ნიკურაძის შესახებ განცხადებას ავრცელებს

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო გარდაცვლილი მერაბ (ბუკა) ნიკურაძის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
განცხადებაში იაშვილის საავადმყოფო მერაბ (ბუკა) ნიკურაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. მათი ინფორმაციით, პაციენტი მერაბ (ბუკა) ნიკურაძე მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის, სუნთქვის მწვავე უკმარისობის, დაუდგენელი და სხვა კონვულსიებისა და პნევმონიის დიაგნოზებით მკურნალობდა.
კლინიკაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ პაციენტისთვის დიაგნოზი დასმული იქნა დროულად, კლინიკაში შესვლისთანავე და დადასტურდა კვლევის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევა შესწავლილი იქნა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ, რომლის დასკვნის მიხედვით, პაციენტის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში დარღვევები არ დაფიქსირებულა.
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ:
“მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო მწუხარებას გამოთქვამს მერაბ (ბუკა) ნიკურაძის გარდაცვალების გამო. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მოგაწვდით მოკლე ინფორმაციას:
პაციენტი ნიკურაძე მერაბ (ბუკა) მკურნალობდა მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის, სუნთქვის მწვავე უკმარისობის, დაუდგენელი და სხვა კონვულსიებისა და პნევმონიის დიაგნოზებით.
ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ დიაგნოზი დასმული იქნა დროულად (კლინიკაში შემოსვლისთანავე) და დადასტურებული იქნა კვლევის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით. მკურნალობა ასევე იქნა დაწყებული დროულად, დიაგნოზის დადგენისთანავე. მკურნალობა მიმდინარეობდა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის ეროვნული და საერთაშორისო პროტოკოლების მიხედვით და ამ პროტოკოლებში მითითებული მედიკამენტების გამოყენებით.

მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის დიაგნოზი დასმული იქნა სისხლის საერთო ანალიზის, ძვლის ტვინის ციტომორფოლოგიური, ციტოქიმიური, ცოტოგენეტიკური და იმუნოლოგიური (ძვლის ტვინის იმუნოფენოტიპირება-გამდინარე ციტომეტრით) კვლევების საფუძველზე. მკურნალობა წარმოებდა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის მართვის ეროვნული და გერმანული პროტოკოლის (ALL-IC-BFM I პროტოკოლი) მიხედვით. გამოყენებული იქნა 4 ქიმოითერაპიული პრეპარატი.
ქიმიოთერაპიის პირველი ფაზის დასრულების შემდეგ განვითარებული გართულებები მიეკუთვნება ხშირ გართულებათა რიცხვს და მათ შესახებ მშობლის ინფორმირება მოხდა მკურნალობის დაწყებამდე.
02.04.2015 წელს მშობლის მოთხოვნით პაციენტი გადაყვანილი იქნა თურქეთის კლინიკაში.
თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ პაციენტს ჩვენი კლინიკისათვის არ მოუმართავს.

სამწუხაროდ უნდა აღვნიშნოთ, რომ მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიით დაავადებულთა მხოლოდ 77% ექვემდებარება მკურნალობას, ხოლო დანარჩენი 23% მთავრდება ლეტალური გამოსავლით. (მითითებული მაჩვენებელი 10 წლის წინ გაცილებით სავალალო იყო)
აღნიშნული შემთხვევა შესწავლილი იქნა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ, რომლის დასკვნის მიხედვით პაციენტის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში დარღვევები არ დაფიქსირებულა”, – ნათქვამია მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გარდაცვლილი მცირეწლოვანის ბუკა (მერაბ) ნიკურაძის მამიდა ქეთი ნიკურაძე, იაშვილის კლინიკის ექიმს, ასმათ შენგელაიას ბავშვისთვის არასწორი დიაგნოზის დასმაში ადანაშაულებს.
როგორც “ინტერპრესნიუსს” ქეთი ნიკურაძემ განუცხადა, ასმათ შენგელაიამ მის ძმის შვილს ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვა და მკურნალობის არასწორი კურსი ჩაუტარა, რამაც ფატალური შედეგი გამოიწვია.
გარდაცვლილის მამიდის ინფორმაციით, ერთი წლის წინ, ბუკა ნიკურაძეს სიცხე ჰქონდა, ძვლები ტკიოდა, რის გამოც სასწრაფო გამოიძახეს. საწრაფომ პაციენტი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას ანალიზები გაუკეთდა.
“ასმათ შენგელაიამ მითხრა, თქვენს შვილს სისხლის კიბო აქვს და მოკვდება, თუ ათ დღეში ქიმია არ დავიწყეთო”, – აღნიშნა ქეთი ნიკურაძემ.
მისივე ინფორმაციით, ოჯახს ანალიზების გერმანიაში გადამოწმება სურდა, თუმცა ასმათ შენგელაიამ ამას ხელი შეუშალა და აცხადებდა, რომ გერმანიაში გადამოწმება საჭირო არ იყო.

ქეთი ნიკურაძის ინფორმაციით, პაციენტს ქიმიოთერაპიის კურსი საქართველოში დაუწყეს, ბავშვის ორგანიზმი წამალს ვერ ღებულობდა, ალერგია გამოვლინდა, 25 დღეში კი პაციენტი რეანიმაციაში მოხვდა. “ორგანიზმში სოკოვანმა ინფექციამ იფეთქა, რაც ქიმიამ გამოიწვია”, – აღნიშნა ქეთი ნიკურაძემ.
მისივე ინფორმაციით, “სოლიდარობის ფონდმა” პაციენტი სასწრაფო წესით თურქეთში გადაიყვანა. “ასმათ შენგელაია ბოლო წამამდე არ წერდა დასკვნას, რომ ბავშვს საზღვარგარეთ მკურნალობა სჭირდებოდა”, – განმარტა მამიდამ.

მისივე განმარტებით, თურქეთში ბუკა ნიკურაძეს ანალიზები გაუკეთდა, დადგინდა რომ მას ლეიკემია არ ჰქონდა. “ჭირდა იმუნოდეფიციტი, ჩვეულებრივი ვირუსი და გრიპი”. პაციენტი თურქეთში 8 თვე მკურნალობდა. სოკოსგან გასათავისუფლებლად მას ოპერაცია ჩაუტარდა. “ოპერაციის შემდეგ განუვითარდა ჰიდროცეფალია, სოკო მთელს ორგანიზმს მოედო, გულს, ფილტვებს და ტვინში დაჩირქდა. ორგანოების ფუნქციები მოეშალა. ბოლო ორი თვე, საჭმელი არ უჭამია”, – აღნიშნა ქეთი ნიკურაძემ.

8 წლის ბუკა ნიკურაძე გუშინ თბილისში გარდაიცვალა.
გარდაცვლილის მამიდა მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებს მიმართავს და იაშვილის კლინიკის ონკოჰემატოლოგ, პროფესორ ასმათ შენგელაიას წინააღმდეგ რეაგირებას ითხოვს.

Leave A Reply

Your email address will not be published.