იენს სტოლტენბერგი – ნატო საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მხარს უჭერს

ნატო საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მხარს უჭერს, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა ძალიან წარმატებულია. ის ერთმანეთს ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის ხედვის რეალიზებისკენ გვაახლოებს. ნატო-ს გაფართოება ხელს უწყობს რეფორმებს, აძლიერებს კოლექტიურ უსაფრთხოებას და უზრუნველყოფს სტაბილურობას, რომელიც კეთილდღეობის საფუძველია. გაფართოების პოლიტიკას ისე ვატარებთ, რომ სუვერენულმა სახელმწიფოებმა უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკუთარი მექანიზმების შექმნა შეძლონ. ნატო-ს კარები ღიაა და დღევანდელი გადაწყვეტილებაც ამას ადასტურებს. ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია ასევე განიცდიან პროგრესს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე.

ჩვენ კვლავ ერთგული ვრჩებით წევრობის გზაზე ამ ქვეყნების მისწრაფებებისა. რაც შეიძლება, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ მიზნების მიღწევაში დავეხმაროთ და თითოეულ კანდიდატ ქვეყანას შესაბამისად შევაფასებთ. მათ მოვუწოდებთ, რეფორმების გზა გააგრძელონ“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, რომ ნატო-მ მონტენეგრო ალიანსის 29-ე წევრად მიღებაზე მოლაპარაკებებში მონაწილეობისათვის მიიწვია.

Leave A Reply

Your email address will not be published.