ილჰამ ალიევი: “უამრავი საკითხია, რომელთა განხილვაც შეხვედრებზე მოხდება”

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ილჰამ ალიევმა პირისპირ და გაფართოებული შეხვედრები გამართეს.

შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო რეგიონულ თანამშრომლობის, სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფნის შემადგენელ პროექტების და მრავალმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საკითხების განხილვას.

შეხვედრისას დეტალურად განიხილეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის აქტუალური თემები.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, სამაგალითოა საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობა, პარტნიორობა და მეგობრობა. ეს ვიზიტი კი, ახალ იმპულსს შესძენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას და განვითარებას.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გიორგი მარგველაშვილს მადლობა გადაუხადა სტუმართმოყვარეობისათვის.

„მოხარული ვარ, რომ კვლავ ვიმყოფები საქართველოში. დარწმუნებული ვარ, ვიზიტის შედეგები წაადგება ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და გაძლიერებას. საქართველო აზერბაიჯანის მეგობარი ქვეყანაა. მჯერა, არსებული პარტნიორული და ნაყოფიერი თანამშრომლობა გაძლიერდება და ყველა სფეროს მოიცავს. დღის წესრიგში უამრავი საკითხია, რომელთა განხილვაც შეხვედრებზე მოხდება“, – აღნიშნა ალიევმა.

საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე, სტაბილურობისა და მშვიდობის მნიშვნელობაზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობაზე.

საუბარი ასევე შეეხო საოკუპაციო ხაზზე არსებულ საგანგაშო ვითარებას, მავთულხლართებსა და იმ პრობლემებს, რასაც ყოველდღიურად აწყდება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა.

პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ პრეზიდენტებმა
ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ, პოლიტიკის, უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანზიტო, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.

Comments
Loading...