ილია II – “მამა გაბრიელი ზოგს ამხელდა, ზოგს აქებდა, მაგრამ შინაგანად მუდამ უფალთან იყო”

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ფერიცვალების სახელობის ტაძარში, საკვირაო ქადაგება გამართა.

ილია მეორემ მამა გაბრიელის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ წმინდანი საოცარი თვისებებით გამოირჩეოდა.

“მამა გაბრიელმა რაღაც საოცარი თვისებები გამოიჩინა. ზოგს ესმოდა, ზოგს არ ესმოდა მისი. ის მაინც ღვთის საქმეს აკეთებდა. მამა გაბრიელმა იმ დროს დაიწყო მოღვაწეობა, როდესაც სასულიერო პირები, ეკლესია იდევნებოდა, მაგრამ ის მაინც მოურიდებლად ქადაგებდა და ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, როცა სალოსობდა. ზოგს ამხელდა, ზოგს აქებდა, მაგრამ შინაგანად ის მუდამ იყო უფალთან და უფალი იყო მასთან და აი ჩვენ დღეს შევასრულეთ წირვა და უნდა დავასვენოთ ახალ ლუსკუმაში. ჩვენ შევთხოვთ უფალს ლოცვა-კურთხევას და შეწევნა არ მოაკლოს საქართველოს მამა გაბრიელის ლოცვებით,”– ბრძანა პატრიარქმა.

ქადაგების დასრულების შემდეგ ტაძარში პარაკლისი შესრულდა, რომლის შემდეგაც წმინდა მამა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის წმინდა ნაწილები ლუსკუმით შეაბრძანეს ფერიცვალების სახელობის ტაძრის საკურთხეველში, შემდეგ კი მისთვის განკუთვნილ ახალ ადგილზე, ქვის სარკოფაგზე დაასვენეს. სარკოფაგი მოწყობილია ტაძრის მარცხენა მხარეს. იგი აქ იქნება დასვენებული მორწმუნეებისათვის მოსალოცად.

2012 წლის 20 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მამა გაბრიელი წმინდანად შერაცხა და მას წმინდა გაბრიელ აღმსარებელი და სალოსი უწოდა.

Leave A Reply

Your email address will not be published.