ილია მეორე: არ მეგულება ისეთი მაღალი სულიერება არსად, როგორიც საქართველოშია


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში სტუმრობისას განაცხადა, რომ არ ეგულება ისეთი მაღალი სულიერება არსად, როგორიც საქართველოშია.

უნივერსიტეტში მოსკოვში გამოცემული წიგნის „Раб Божий”-ს წარდგინება შედგა, რომელსაც პატრიარქთან ერთად წმინდა სინოდის წევრები, მღვდელმთავრები, სასულიერო პირები, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, ასევე რუსეთიდან ჩამოსული სტუმრები ესწრებოდნენ. კერძოდ, წმინდა ტიხონის სახელობის მართლმადიდებლური უნივერსიტეტის რექტორი, დეკანოზი ვლადიმერ ვორობიოვი, რომლის მეშვეობითაც წიგნი „Раб Божий” სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ცხოვრების შესახებ მოსკოვში დაიბეჭდა.

შეხვედრაზე, პატრიარქის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ გამოცემულ წიგნთან დაკავშირებით ისაუბრა წიგნის ავტორმა დეკანოზმა ვლადიმერ ვორობიოვმა. შემდეგ კი შეკრებილებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მიმართა.

პატრიარქმა მადლობა გადაუხადა შეკრებილ საზოგადოებას, წიგნის ავტორებს, პროფესორ-მასწავლებლებს წიგნის დაბეჭდვისათვის, ასევე დეკანოზ ვლადიმერ ვორობიოვს და აღნიშნა, რომ გადახედა წიგნს და მიიჩნევს, რომ ბევრი რამ მის შესახებ გაზვიადებულია.

„მე გადავხედე ამ წიგნს, რა თქმა უნდა, ბევრი არის ჩემზე გაზვიადებული, მაგრამ ამავე დროს ეს წიგნი ასახავს მართლაც იმ პერიოდს, რომელსაც ჩვენ ვუწოდეთ “მზიანი ღამე”. მე მინდა მადლობა გადავუხადო ტიხონის უნივერსიტეტის რექტორს, მამა ვლადიმერს, პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ამ წიგნის გამოცემაში. მე მინდა ასევე მადლობა მოვახსენო მამა ვლადიმერს, რასაც ის უწევს ჩვენს სტუდენტებს. მინდა გთხოვოთ, რომ არ უნდა გაჩერდეს მხოლოდ ჩემს პიროვნებაზე. იმ დროს, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალიზაციის პერიოდს, ჩვენი სამღვდელოება, ჩვენი მღვდელმთავრები აკეთებენ ბევრს, რათა დაიცვან სულიერება ხალხში. მე არ მეგულება ისეთი მაღალი სულიერება არსად, როგორიც არის საქართველოში. ჩვენი ხალხი მოწყურებულია ამას და ეს არის დამსახურება სამღვდელოების, ჩვენი მღვდელთმთავრების, ერის, ადამიანებისაც. მსგავსი წიგნები უნდა დაიწეროს მათი მოღვაწეობის შესახებ. ყველას გილოცავთ. მე ბედნიერი ვარ, რომ დღეს ჩვენ ვიმყოფებით საპატრიარქოს უნივერსიტეტში. ბედნიერი ვარ იმით, რომ ეს არის უდიდესი სასწაული, რაც გამოიარა ჩვენმა ერმა და ეკლესიამ. ის ტანჯვა, ის განსაცდელები, ამის შემდეგ ჩვენ ვხედავთ, მოვესწარით ასეთი უნივერსიტეტის მოღვაწეობას. ეს სასწაულია და პირველ ყოვლისა, ვმადლობთ ღმერთს ამისათვის. მშვიდობა თქვენ და სრულიად საქართველოს”, – ბრძანა უწმინდესმა.

თავის მხრივ, მოსკოვის წმინდა ტიხონის სახელობის მართლმადიდებლური უნივერსიტეტის რექტორმა, დეკანოზმა ვლადიმერმა განაცხადა, რომ რუსეთში საქართველოს მიმართ სიყვარული არ დაუკარგავთ. მან იმედი გამოთქვა, რომ არც საქართველოში გამქრალა სიყვარული რუსეთის მიმართ.

„ამ გრძნობების გამოხატვას ხელს უშლის პოლიტიკა. ჩვენ რელიგიურ განათლებას უნდა შევუწყოთ ხელი”, – განაცხადა დეკანოზმა ვლადიმერმა.

მისივე თქმით, საპატრიარქოს უნივერსიტეტსა და წმინდა ტიხონის სახელობის მართლმადიდებლურ უნივერსიტეტს შორის გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც ისინი წელიწადში ერთხელ აწყობენ სამეცნიერო კონფერენციებს.

კათოლიკოს-პატრიარქის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მონოგრაფიის ავტორმა, საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა სერგო ვარდოსანიძემ განაცხადა, რომ წიგნში უწმინდესის შესახებ მოცემული მასალები და გადმოცემული ფაქტები ეყრდნობა საარქივო მასალებს. მასში შესულია ასევე პატრიარქის მნიშვნელოვანი ქადაგებების ნაწილი. ასევე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიოს წერილი, რომელიც ეძღვნება პატრიარქის სულიერ მოძღვარს არქიმანდრიტ შიო ძიძავას, კერძოდ, მის როლს ილია მეორის პატრიარქად ჩამოყალიბებაში. ასევე წიგნში შესულია ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ნაშრომი. სერგო ვარდოსანიძემ საუბრისას აღნიშნა, რომ ერთ თვეში დაიბეჭდება უფრო ვრცელი მონოგრაფია პატრიარქის შესახებ – „38 მზიანი წელიწადი”, რომელიც ქართულენოვანი მკითხველისათვის იქნება განკუთვნილი და უწმინდესის ცხოვრებას უფრო ფართოდ აშუქებს.

Comments
Loading...