ილია მეორე ილხამ ალიევს დავით გარეჯის მონასტრის საკითხზე ესაუბრა!

საქართველოს საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი თანმხლებ პირებთან ერთად მიიღო. შეხვედრის დასაწყისში აზერბაიჯანის პრეზიდენტს პატრიარქმა მიმართა. უწმინდესმა მართლმადიდებელი ეკლესიისა და წმინდა სინოდის სახელით მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ალიევს სტუმრობისათვის და სიხარული გამოთქვა მისი ვიზიტის გამო საქართველოში, კერძოდ საპატრიარქოში სტუმრობისათვის.
პატრიარქმა აღნიშნა, რომ მათ ურთიერთობებს დიდი პერიოდი აქვს. უწმინდესმა დასძინა, რომ მას ახლო ურთიერთობები ჰქონდა ილჰამ ალიევის მამასთან. უწმინდესმა გაიხსენა შეხვედრები ბაქოში და ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის ხელმძღვანელის სითბოსა და სტუმართმოყვარეობას. პატრიარქმა დასძინა, რომ ურთიერთობები აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სხვებისთვის მაგალითია.
“ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კავკასიაში იყოს მშვიდობა. თქვენ გაქვთ პოლიტიკური მოღვაწეობის ძალიან დიდი გამოცდილება. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ხალხები იცხოვრებენ მშვიდობიანად და უზრუნველად. უნდა აღინიშოს, რომ ჩვენს რელიგიებს შორის ურთიერთობები ასევე ძალიან კარგია. ჩვენი ურთიერთობა შეიხთან შუქურ ფაშა ზადესთან ეს ნამდვილად მეგობრულია. ის არაერთხელ იყო საქართველოში და მეც არაერთხელ ვიყავი აზერბაიჯანში. ჩვენ ერთმანეთს კარგად ვიცნობდით ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან. ჩვენ ვიცავდით ჩვენი ხალხების, კავკასიის ავტორტეტს”, – აღნიშნა უწმინდესმა.
პატრიარქის თქმით, მუსულმანები საქართველოში ცუდად არ ცხოვრობენ, იმაზე ნაკლებად არა ვიდრე აზერბაიჯანში. პატრიარქმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში 300-ზე მეტი მეჩეთია, ამიტომ ალბათ ქრისტიანები აზერბაიჯანში მათ მდგომარეობას უნდა გაუთანაბრდნენ. პატრიარქმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ყურადღებისათვის, რომელსაც იგი იჩენს საქართველოს ელჩის და წარმომადგენლების მიმართ.
“რა თქმა უნდა, არის საკითხები რომელიც გადასაწყვეტია. მაგალითად, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიას ჰყავს საკუთარი ეპისკოპოსი, სასურველია საქართველოსაც ჰყავდეს თავისი ეპისკოპოსი. დიდი მნიშვნელობა აქვს საგარეჯოში სამონასტრო კომპლექსს, დავით გარეჯის სამინოსტრო კომპლექსის სამი მონასტერი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფება. ეს საკითხი შეიძლება მერე გადაიჭრას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მშვიდობა იყოს კავკასიაში, თუმცა ეს ყოველთვის არ ხდება. ჩვენ შეშფოთებული ვართ, რომ დარღვეულია აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იქნება აღდგენილი”, – აღნიშნა უწმინდესმა.
პატრიარქმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ასევე იმის გამო, რომ კომპანია “სოკარის” მეშვეობით საქართველოში მოქმედ ყველა რელიგიის წარმომადგენელს აქვს უფასო ბუნებრივი აირი.
“ჩვენ ძალიან გაგვიხარდება თუ ჩვენი ურთიერთობები ახალ იმპულსებს შეიძენენ”, – დასძინა პატრიარქმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.