ილია მეორე რომის პაპ ფრანცისკეს ​სამძიმრის წერილს უგზავნის

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, იტალიაში მომხდარი მიწისძვრის გამო, რომის პაპ ფრანცისკეს ​სამძიმრის წერილს უგზავნის.

„თქვენო უწმინდესობავ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას იტალიის ქ. პერუჯაში და მის მიმდებარედ მომხდარი დიდი მიწისძვრის გამო, რომელმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ათასობით უსახლკაროდ დატოვა.

თქვენით ხალხისა და ქვეყნისთვის ამ მძიმე პერიოდში მინდა იცოდეთ, რომ ჩვენც თქვენს გვერდით ვართ და თანამოზიარენი ვართ თქვენი ტკივილისა. გთხოვთ, ჩვენი სამძიმარი გადასცეთ გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახებს და იტალიის მოსახლეობას.

შევთხოვ ღმერთს, მოანიჭოს იტალიას და მსოფლიოს მოსახლეობას მშვიდობა და თვისი წყალობა“, – აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილში, რომელსაც საპატრიარქოს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ამასთან, საქართველოს პატრიარქი უსამძიმრებს იტალიის პრემიერ-მინისტრ მატო რენცისაც.

„თქვენო აღმატებულებავ, დიდად ვწუხვართ იტალიაში, ქ. პერუჯაში და მის მეზობლად, დღეს მომხდარი მიწისძვრის გამო, რომელმაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და მრავალი ოჯახი დააზარალა.

გთხოვთ, ჩვენი სამძიმარი გადასცეთ გარდაცვლილთა ახლობლებსა და იტალიელ ხალხს“, – აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილში.

Comments
Loading...