ბინები სუხიშვილების მოცეკვავეებს(ვიდეო)

“ჩვენ ახალ ცხოვრებას ახალ ბინებში დავიწყებთ“ – ასე მიმართა ილიკო სუხიშვილმა “ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილების” წევრებს თბილისის ფილარმონიის დიდი სცენიდან.

დასის წევრს, აფხაზეთიდან დევნილ ბაჩანა ჭანტურიას კი ნინო და ილიკო სუხიშვილებმა საკუთარი ბინა აჩუქეს.

„ჩვენ ვიცოდით, რომ შენ გქონდა მიღებული ფართი, რომელის საცხოვრებლად გამოუსადეგარი იყო. ამიტომ, კომპანია „სავარძელმა“ ასეთ სიტუაციაში გადმოგცა ავეჯი და არა ბინა, ჩვენ ეს არ ვიცოდით, ეს გაირკვა დღეს, ამიტომ მე და ილიკომ გადავწყვიტეთ, ბინა, რომელიც ჩვენ გვაჩუქა “სავარძელმა” მე და ილიკომ შენ გაჩუქოთ“, – განაცხადა ნინო სუხიშვილმა თბილისის ფილარმონიის სცენაზე.

2 ოთახიანი ბინა გადაეცა ანსამბლის ყოფილ მოცეკვავეს ნინო სვანიძეს და ჯემალ ხუნდაძეს, ასევე 2 ოთახიანი ბინა გადაეცათ, სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის წევრებს: ტატა გომელაურს, თამარ ხურცილავას, მურმან გაგოშიძეს, დათო დოლიძეს, ლაშა ვასაძეს, ავთანდილ ყალიჩავას, ლადო მაჭავარიანს, გიორგი ხავთასს, გიორგი მანჯგალაძეს. ასევე ბინა გადაეცა დასის წევრს დეა ბროძეულს, რომელიც პროექტის კოორდინატორი იყო.

ილიკო და ნინო სუხუშვილებმა ასევე ბინით დაასაჩუქრეს „სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის” ორკესტრის წევრები. 3 ოთახიანი ბინა გადასცეს 5 შვილის მამას, მუსიკოს ნუგზარ მაისაშვილს. ანსამბლის ორკესტრის წევრებს: ამბროს ასპანაშვილს, ლევან აივაზაშვილს და მერაბ ცხვირავაშვილს 2 ოთახიანი ბინა აჩუქეს.

შეგახსენებთ, რომ “სუხიშვილებმა” და სამშენებლო კომპანია “სვეტმა” 19 იანვარს, ნათლისღების დღეს საქველმოქმედო კონცერტი გამართეს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში.

Comments
Loading...