„იმ ხალხს ვემიჯნები, ვინც „პატრიოტთა ალიანსს“ მიუღებელ ძალად მიიჩნევს“

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთ ლიდერს, ირმა ინაშვილს ახლოს არ იცნობს, მაგრამ მიიჩნევს, რომ ის პატრიოტია. დეპუტატის თქმით, „პატრიოტთა ალიანსში“ ღირსეული ხალხია, თუმცა ინფორმაცია არ აქვს, ეს ძალა რომელიმე ქვეყნის ინტერესების გამტარებელია თუ არა.

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, for.ge თამაზ მეჭიაურს ესაუბრა:

მთავრობის კანცელარიასთან „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები შიმშილობის აქციას აგრძელებენ და ისინი აცხადებენ, რომ საგარეჯოში, შუალედური არჩევნები გაყალბდა. მათ პათოსს იზიარებთ?

– ამ არჩევნებმა დაგვანახა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნო კანონმდებლობა საკუთარ თავზე მოირგო და ეს განსაკუთრებით მაჟორიტარულ არჩევნებს ეხება. „საარჩევნო კოდექსის“ ნაკლოვანებები რომ დაგვენახა, შუალედური არჩევნების სახით, გარკვეული ტესტი ჩატარდა. არსებული მოდელი არასახელისუფლებო პარტიებს გამარჯვების შანსს არ უტოვებს, რადგან კანონმდებლობით, სახელისუფლებო ძალებს სრული კარტბლანში აქვთ მიცემული, რომ თავის კანდიდატს მხარი დაუჭირონ. არჩევნებში ჯარის გამოყენების საკითხი არავის ესწავლება. როცა არჩევნები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ტარდება, შეიძლება, ამან გავლენა პროცესებზე ვერ მოახდინოს, მაგრამ ჯარით მანიპულირება შეიძლება, რადგან ხელისუფლებას ჯარის გადასროლა ისეთ უბნებზე შეუძლია, სადაც უჭრის. ასე რომ, არჩევნებმა დაგვანახა, რომ სახელსუფლებო და ოპოზიურ კანდიდატებს ბრძოლა არასათანადო პირობებში უწევთ, რაც მიმაჩნია, რომ სამართლიანი არ არის. თუმცა, ვერ ვხედავ იმას, რომ შუალედურ არჩევნებში, სამართლის კუთხით რაიმე დარღვევა იყო.

ანუ, ფიქრობთ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა?

– არც საგარეჯოში ვყოფილვარ და არც დოკუმენტი მინახავს, სადაც ეს ჩანს. ეს საკითხი სასამართლომ და იმ უწყებებმა უნდა განიხილონ, რომლებსაც ეს ეხება. საუბარი მხოლოდ კანონის მორალურ-ზნეობრივ ნორმებზე შემიძლია.

ხელისუფლებაში სამი წელია ხართ და თუკი საარჩევნო კოდექსი უსამართლოა, მაშინ რატომ არ ცვლით?

– ამ კანონში ჩახედვა არ დამჭირვებია. საჩივარი არც საპრეზიდენტო არჩევნების დროს დაფიქსირებულა და არც თვითმართველობის. კოდექსზე მუშაობა ისედაც მიდის და ალბათ, ეს საკითხები კანონმდებლობაში ისახება.

ვინაიდან, კანონდარღვევებს ვერ ამჩნევთ, ალბათ, ინაშვილის პათოსს არ იზიარებთ, რომ პოსტები თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრებმა უნდა დატოვონ?

– კანონდარღვევა სასამართლომ უნდა დაამტკიცოს. ამ არჩევნებით ყველაზე მეტი ირმამ მოიგო. მასთან ერთად არიან ჩემთვის საპატივცემულო ადამიანები — ადა მარშანია და ლევან თედიაშვილი.

თქვენთვის „პატრიოტთა ალიანსი“ მისაღები ძალაა?

– იქ ღირსეული პიროვნებები არიან და მისაღები რატომ არ არის? შეიძლება, მათ პოლიტიკურად რაღაცეები სხვანაირად ესმოდეთ, მაგრამ იქ ღირსეული ხალხია.

მათ თქვენი თანაგუნდელები პრორუსულ ძალად მიიჩნევენ. თქვენ რას ფიქრობთ?

– ინფორმაცია არ მაქვს, რომ ის რომელიმე ქვეყნის ინტერესების გამტარებელია. ხეობას კვიციანი არ იცავდა? მიშამ კოდორი რომ ჩააბარა, ეს უფრო პატრიოტული და პროქართული საქციელი იყო? — ვინმეს მიმართ კლიშეების მიწეპების მომხრე არ ვარ. ვერ წარმომიდგენია, რომ ადა მარშანიამ, ლევან თედიაშვილმა ან კვიციანმა ანტიქართული ქმედება როდესმე განახორციელონ. ირმას ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ ჩემი აზრით, ის პატრიოტია. ჩემი დამოკიდებულება იმას არ ნიშნავს, რომ მხარს ვინმეს ვუჭერ. ჩვენს კანდიდატს მხარი რაღაც დოზით, კანონისა და ზნეობის ჩარჩოებში დავუჭირე. იმ ხალხს ვემიჯნები, ვინც „პატრიოტთა ალიანსს“ მიუღებელ ძალად მიიჩნევს. ისინი მოსახლეობის გარკვეული სეგმენტის აზრს გამოხატავენ და მათ საკმაოდ სერიოზული რაოდენობის ხმები მიიღეს.

დავით თარხან-მოურავმა თქვა, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ „ქართული ოცნების“ მოკავშირე იყო. ეს ასეა?

– გააჩნია, ის მოკავშირეობაში რას გულისხმობდა. თარხან-მოურავმა რა თქვა, ვერ გეტყვით. მათი პროგრამა ბოლომდე არ ვიცი და საკუთარ დასკვნებს იმ ადამიანებით ვაკეთებ, ვინც იქაა. ისინი ჩემთვის საპატივცემულო ხალხია. მათ შორის, ხათუნა ხოფერია და მარინა მოლოდინი. ოპოზიციაში ადა მარშანიასთან ერთად ვიყავი და სხვები ხელისუფლებას — „მოქალაქეთა კავშირს“ წამოადგენდნენ, მაგრამ ეს იმის უფლებას არ მაძლევს, რომ ვთქვა, მათ შეიძლება რაიმე ანტიქართული ჩაიდინონ. მარშანიას მამა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო და თუ მას რუსეთი უნდოდა, აფხაზეთში დარჩებოდა. მასზე შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ის პრორუსია?

პოლიტიკურ კულუარებში საუბარია, რომ პარლამენტის არსებული შემადგენლობიდან კოალიციის საარჩევნო სიაში ბევრი დეპუტატი ვერ მოხვდება, შესაბამისად, შესაძლოა, ამ ნაწილმა „პატრიოტთა ალიანსში“ გადაინაცვლოს…

– ყველაფერი ინდივიდუალურია. გამორიცხული არ არის, რომ რაიმე გადალაგება მოხდეს. სანამ „ქართული ოცნების“ კონტურები არ გამოიკვეთება, მანამდე რაღაცის თქმა ძნელია.

იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ კოალიციის საარჩევნო სიაში არ მოხვდებით, მოსალოდნელია, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ რიგებში გიხილოთ?

– საკუთარი თავი ბიძინა ივანიშვილის თანამებრძოლად მიმაჩნია. შეიძლება, პოლიტიკაში საერთოდ არ მიხილოთ.

რაც შეეხება პრეზიდენტის სასახლეს და მის გარშემო განვითრებულ მოვლენებს, ყოფილი პრემიერის მსგავსად თქვენც მიიჩნევთ, რომ გიორგი მარგველაშვილმა რეზიდენცია უნდა დატოვოს?

– ამ საკითხს ორი მხარე აქვს, როგორც მორალური, ასევე სამართლებრივი. თუკი პრეზიდენტის მხრიდან სასახლის დატოვების გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამაზე იურისტებმა უნდა იფიქრონ. არჩევნებამდე, მარგველაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის რეზიდენციაში შესვლას არ აპირებდა. მორალურად მისი ქმედებები არასწორად მიმაჩნია. გაცილებით უფრო დიდბიუჯეტიანი და გაცილებით დიდი ქვეყნები პრეზიდენტის შენახვაზე უფრო ნაკლებს ხარჯავენ, ვიდრე ჩვენ. დასავლეთშიც კი, პრეზიდენტებს ასეთი ფუფუნების უფლებას არ აძლევენ.

უფრო გულწრფელი იყავით და გვიპასუხეთ, რეალურად, უმრავლესობა ხარჯებს ერიდება, თუ პრეზიდენტის მხრიდან რეზიდენციის დატოვება იმიტომ გსურთ, რომ ის თქვენთან თუ თქვენ მასთან დაპირისპირებული ხართ?

– თავადაც კარგად ხვდება, რომ ის ცუდად იქცევა. პრეზიდენტის მხრიდან ადგილი აქვს ჯიუტობას.

რამდენად მოსალოდნელია, რომ მარგველაშვილი ავლაბრის რეზიდენციიდან გამოასახლონ?

– ამ საკითხის იურიდიულ მხარეს ნუ მკითხავთ, რადგან ამ საკითხში კომპეტენტური არ ვარ. სასახლეში პრეზიდენტის შესახლება-გამოსახლება პარლამენტის ფუნქცია არ არის. თუკი საკანონმდებლო დონეზე რაღაც დასაზუსტებელი იქნება და ჩვენთან შემოიტანენ, მას განვიხილავთ და ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება. პრეზიდენტმა გარშემო რიგი პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები შემოიკრიბა, რომლებიც მოსახლეობის უმცირესს რაოდენობას წარმოადგენენ. ისინი ამომრჩევლის მხრიდან არანაირი მხარდაჭერის ღირსი არ არიან. პრეზიდენტი ილუზიას ქმნის, რომ თითქოს, მას მხარს უჭერენ. მას ქვეყნის შიგნით არანაირი მხარდაჭერა არ აქვს. პრეზიდენტს მხარს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ უჭერს, ისიც საშინაო მოხმარებაში, რადგან ის მიშას გასაკეთილშობილებლად გამოადგებათ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსი დაკარგა და ახლა ისინი საქმიანობის გაგრძელებას ამ ანტურაჟით აპირებენ.

თქვენ პრეზიდენტის განცხადებები არ მოგწონთ, მაგრამ მის პოზიციებს მისაღებად თვლის საქართველოში ამერიკის ახალი ელჩი იან კელი…

– ვინ რა მიზნებს ემსახურება, ეს მოსახლეობამ უნდა შეაფასოს. ჩვენთვის სხვა ქვეყნის დიპლომატებისა და პოლიტიკოსების შეფასებები მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ჩვენი მოსახლეობის აზრია. შეიძლება, მარგველაშვილი თავის ქმედებებს საექსპორტოდ ძალიან კარგად ფუთავს. საბჭოთა კავშირის დროს, ერთ ავტომობილს საექსპორტოდ ამზადებდნენ, მეორეს საშინაო მოხმარებისთვის. პრეზიდენტიც ასე მუშაობს. პრეზიდენტმა ნაციონალების დამუშავებული სქემები კარგად გაიდაიღო. ზოგ უცხოელს აწყობს, რომ ვითარება ასე დაიჯეროს, ზოგს კი, ატყუებენ, რადგან ის ნაკლებად ინფორმირებულია. არაერთხელ ვთქვი, რომ თუკი პრეზიდენტის მსგავსად რომელიმე პარტიისგან დავალებული ვიქნებოდი და ჩემთვის ის პროგრამა მიუღებელი გახდებოდა, რომლითაც პრეზიდენტად მოვედი, მაშინ ვიტყოდი, ჩემთვის მიუღებელი იყო რასაც მავალებდნენ და მე გადავდგებოდი. ასეთ შემთხვევაში, არჩევნები დაინიშნებოდა და ვნახავდით, მას თავის არასამთავროებთან ერთად რამდენი ამომრჩეველი ეყოლოდებოდა, რომლებიც გრანტებზე არიან დამოკიდებულნი. თუ ის გაიმარჯვებს, მაშინ მე ვაღიარებდი, რომ ის ღირსეული პრეზიდენტია-თქო. არაზნეობრივად მიმაჩნია, რომ ერთი ამომრჩევლის, თუ პოლიტიკური გუნდის გამოყენებით პრეზიდენტი გახდე და მეორე პარტიის პოლიტიკა აკეთო.

პრეზიდენტი ამბობს, რომ ის კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებს…

– ასე თავად თვლის, მაგრამ აზრი ამომრჩეველს ჰკითხოს.

რადგან ამომრჩეველზე აპელირებთ, გკითხავთ. საპრეზიდენტო კანდიდატად მარგველაშვილი საზოგადოებას თქვენ წარუდგინეთ და ახლა როგორ ფიქრობთ, ამომრჩეველს თქვენი დაპირისპირება როგორ ესმის?

– სანამ „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება მოვასწარით, მანამდე მან არასამთავრობოები შემოიკრიბა და თქვა, საკითხს ვეტოს დავადებო. მან გვერდით ნაციონალების სატელიტი არასამთავროები შემოიკრიბა. აქ სად არის კოლეგიალობა და ლოგიკა? — მისი გაპრეზიდენტობის მიზნით, რაიონებში ჩვენი ხარჯით ვირბინეთ და ის ნაციონალებისა და აბაშიშვილის ჭკუით უნდა დარბოდეს?

რამდენად მოსალოდნელია, რომ თქვენსა და პრეზიდენტს შორის ვითარება ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატმა გაამწვავოს, რომლის დასახელების უფლებაც მარგველაშვილს აქვს?

– გამორიცხული არ არის, ასეც მოხდეს, მაგრამ ვის წარადგენს, არ ვიცი.

წყარო
for.ge

Comments
Loading...