იმედი მაქვს, ვიზალიბერალიზაციაზე სასიამოვნო ამბებს გავიგებთ-ინტერვიუ თედო ჯაფარიძესთან

ლატვიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში უკვე ორი დღეა საერთაშორისო კონფერენცია “რიგა 2015” მიმდინარეობს. კონფერენცია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებს ეძღვნება და მასზე 400-ზე მეტი მაღალი რანგის პოლიტიკოსი და სამხედრო პირი მონაწილეობს. კონფერენციაში მონაწილეობს ქართული დელეგაციაც, რომელსაც საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი დa თედო ჯაფარიძე წარმოადგენს.

– ასეთი ფორმატის შეხვედრები კიდევ ერთი დამატებითი შანსი იმისთვის, რომ რაღაც ბენეფიტები მოვუტანოთ ჩვენს ქვეყანას, თუნდაც უსაფრთხოების საკითხები იქნება, საგარეო ურთიერთობების კუთხით. ამ შეხვედრაზე რა მოხდა ჩვენთვის საინტერესო, სად გადავდგით კიდევ ერთი ნაბიჯი?

– მთავარი რაც მოხდა, საქართველოს თემამ გაიჟღერა კიდევ ერთხელ ესეთ მაღალ დონეზე, ამ ფორუმზე. საინტერესო პანელი ჩატარდა, საინტერესო მონაწილეები გვყავდა და საუბარიც საინტერესო იყო. რა თქმა უნდა, შეიძლება უფრო მეტი თქმულიყო, მეტი არგუმენტები გაჩენილიყო, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენმა თემამ გაიჟღერა. გაიჟღერა საქართველომ, არა როგორც გეოგრაფიამ, არამედ გამოჩნდა როგორც სტრატეგიული კონტექსტით და შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო საინტერესო ღონისძიება. იყო საუბარი ჩვენს მომავალზე, წარმატებებზე. სხვათა შორის ამაზე საუბრობდნენ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები, არამედ ჩვენი კოლეგები სხვა ქვეყნებიდან. ძალიან კარგი იყო ისიც, რომ ლაპარაკი იყო იმ პრობლემებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია, სახელმწიფოს, რომელიც დაადგა ევროპისაკენ გზას და გასაგებია, რომ პრობლემები იქნება. ამიტომ ამ მხრივ ეს ყველაფერი იყო საინტერესო, რა თქმა უნდა, ზოგიერთ მოსაზრებას, რომელიც გამოთქვეს ჩვენმა კოლეგებმა მე არ დავეთანხმებოდი. მაგალითად, არ შეიძლება ქვეყანაზე იმსჯელო მხოლოდ იმ წარმოდგენების მიხედვით, ადამიანს შეიძლება ქონდეს ამა თუ იმ მოვლენასთან დაკავშირებით. თუ ვსაუბრობთ წარმოდგენებზე, მაშინ თუ ერთ ადამიანს აქვს ერთი ინტერპრეტაცია მოვლენის, დავუშვათ იგივე სხვა ადამიანს სულ სხვანაირად შეიძლება ჰქონდეს. მე მაინც მომხრე ვარ უფრო აკადემიური ხასიათის ფაქტების გამოყენების, უკვე შემდეგ უნდა იყოს მსჯელობა, თუ რა მიმართულებით მიდის ქვეყანა და რა წარმატებები აქვს.

– ხომ არ გულისხმობთ იმას, რომ ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად აპელირებს, ჩვენ პრორუსული კურსი ავიღეთ და ამას პრინციპში მოურიდებლად აცხადებენ საერთაშორისო შეხვედრებზე.

– ჩვენ თუ ვსაუბრობთ დემოკრატიაზე საქართველოში, რა თქმა უნდა, ოპოზიციის არსებობაც აუცილებელია. ოპოზიცია თუ არის აუცილებელია იყოს კრიტიკული, მაგრამ კრიტიკაც უნდა იყოს რაღაც ფაქტებზე აგებული. მე ოპოზიციაზე არ მინდოდა საუბარი, მაგრამ ჩვენს კოლეგებზე, უცხოელებზე, მაგრამ იმ ქალბატონმა, ჩვენმა ძველმა მეგობარმა, აშშ-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ჩვენ მივესალმებით და მოვუწოდებთ, რომ იყოს მედიაპლურალიზმი ქვეყანაში, როცა ყველა მოხსენების საფუძველზე, რომელიც გაკეთდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, აღნიშნულია, რომ საქართველო არის ყველაზე წარმატებული ამ მხრივ. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ, ამით არის ამგვარი შეხვედრები კარგი, რომ ჩვენ გვაქვს პრობლემები, ვინაიდან ჩვენ მივდივართ წინ, საკმაოდ ეფექტურად ვმუშაობთ და ვინც მუშაობს მას შეიძლება მოსდის შეცდომები, აქვს ხარვეზები. მაგრამ მთავარი მაინც დღეს რაც დადასტურდა, მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს მიზანი, რომ გახდეს, როცა ეს მოხდება, ქვეყანა სადაც კანონიერება, სამართლიანობა არის პრიორიტეტი.

– ბატონო თედო, იმიტომ ხომ არ გაამახვილეს ყურადღება, რომ მოსამართლემ განჩინება ძალიან გვიან ღამით გამოიტანა, რომლითაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ჰყავს ახალი დროებითი მმართველები…

– დღეს გაირკვა, რომ მოსამართლემ ყველაფერი გამოიტანა სამუსაო დღის დასრულებამდე. შემდეგ გასაჯაროვდა ღამით, ისევ რუსთავი 2-ის ჟურნალისტების მიერ, რომლებსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ. ბევრ მათგანს ვიცნობ, ბევრ მათგანთან ვმუშაობ. მაგრამ მხოლოდ ამ ფაქტებზე მსჯელობა იმაზე, თუ არსებობს მედია პლურალიზმი, არის თუ არა პრესა საქართველოში, ჩემთვის პირადად, მიუღებელია.

– როგორ ფიქრობთ, რომელი პარტიის ინტერესებსაც არ უნდა ატარებდეს, რომელი ტელევიზიაც არ უნდა იყოს, აქვს თუ არა მას არსებობის უფლება?

– რა თქმა უნდა. აქ ტელევიზიის არსებობასა და სიტყვის თავისუფლებაზე ლაპარაკი არც უნდა იყოს. მთავარია, რომ ტელევიზია იყოს თავისუფალი და არ უნდა გადაიქცეს საპროპაგანდო მანქანად.

– ვიზალიბერალიზაციაზეც თუ იყო საუბარი და თუ გვეშველება საბოლოოდ რამე?

– იყო გაკვრით, არ იყო დეტალურად საუბარი, მაგრამ იმედი მაქვს, ჩვენ მალე სასიამოვნო ამბებს გავიგებთ ვიზალიბერალიზაციაზე.

შეგახსენებთ, რიგაში, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე კონფერენცია გუშინ გაიხსნა.

კონფერენციაზე 400-ზე მეტი მაღალი რანგის პოლიტიკოსი და სამხედრო პირი მონაწილეობს. რიგაში კონფერენცია პირველად 2006 წელს გაიხსნა და მას შემდეგ ყოველ წელს მიმდინარეობს.

წყარო

Leave A Reply

Your email address will not be published.