ინაშვილი: მოვდივარ დამძიმებული იმ 12 წლით, რომელიც ჩემს გუნდთან ერთად გავიარე

მოვდივარ დამძიმებული იმ 12 წლით, რომელიც ჩემს გუნდთან ერთად გავიარე, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ირმა ინაშვილმა ქუთაისის პარლამენტში განაცხადა, სადაც დღეს მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს.

ინაშვილის თქმით, აუცილებელია საარჩევნო კანონმდებლობა ძირეულად შეიცვალოს.

„ამაზე ვიმუშავებთ ჩვენ. ეს იქნება ჩვენი პრიორიტეტი“, – განაცხადა ინაშვილმა.

კითხვაზე, როგორც ჩამოყალიბდება სტრუქტურულად „პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტში, ინაშვილმა აღნიშნა, რომ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ხალხს აწუხებს, სწორედ მათგან იქნება გასაჯაროებული.

„არის მოსაზრება, რომ 6 დეპუტატი გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს და პრაქტიკულად ასეა, როცა არის საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს 6 დეპუტატი შეასრულებს ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას. ჩვენ ვიქნებით ქართველი ხალხის ხმა პარლამენტში. რაც შეეხება ვიცე–სპიკერის პოტს, ვიღაცას მოწონხარ, მხარს დაგიჭერს, ვიღაცას არ მოწონხარ და არ დაგიჭერს. თუ მხარს დაგვიჭერენ, გაგვიხარდება“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისივე თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ „ქართული ოცნების“ მიერ წამოწეულ საკითხებს, რომელსაც ისინიც იზიარებენ, მხარს დაუჭერს, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პარტია არ ითანამშრომლებს.

ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს, 12:00 საათზე გაიხსნება. დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში უკვე იკრიბებიან.

წყარო: ინტერპრესნიუსი

Comments
Loading...