პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობასა და „გაზპრომს“ შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება უნდა გასაჯაროვდეს.
როგორც ინაშვილმა აღნიშნა, „გაზპრომთან“ დაკავშირებით, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძისა და ხელისუფლების წარმომადგენლების არგუმენტები თავიდან ძალიან ბუნდოვანი იყო.
მისი თქმით, ხელისუფლება და ენერგეტიკის მინისტრი საუბრობენ, რომ ეს ქართული სახელმწიფოსთვის სასარგებლო კონტრაქტია, მაგრამ საკითხის ირგვლივ საზოგადოებაში სამართლიანი შეკითხვებია.
„ეს ხელშეკრულება გასაიდუმლოებულია, რაც საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, არასწორია. კონტრაქტი ღია უნდა იყოს. ენერგეტიკის სამინისტროს წერილით მივმართე და ამ კონტრაქტის ასლი მოვითხოვე. როგორც საქართველოს მოქალაქე, საფრთხის შემცველ პროცესს ვხედავ. ეს განცდა რომ მოიხსნას, აუცილებელია, ბუნდოვანება აღმოიფხვრას“, – აცხადებს ინაშვილი.
კანონმდებელი მიიჩნევს, რომ ენერგეტიკის მინისტრი პარლამენტში უნდა გამოცხადდეს.
”თუ მინისტრს უმცირესობა ან ოპოზიციური პარტია იბარებს, ის ვალდებულია მობრძანდეს და ახსნა-განმარტებები გააკეთოს“, – განაცხადა ინაშვილმა.