ინტერვიუ გია ხუხაშვილთან, პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით

„ირაკლი ღარიბაშვილი ვერ ჩამოყალიბდა ლიდერად“, – აცხადებს გია ხუხაშვილი, რომლის განცხადებით, ყოფილი პრემიერის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ბევრი კითხვის ნიშანი დატოვა და მან ამ ნაბიჯით მთელი გუნდი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. ყოფილი პრემიერის, ყოფილი მრჩეველის განცხადებით, საზოგადოებას არ ჰქონდა განცდა იმისა, რომ ეს იყო ადამიანი, რომელსაც შეეძლო საკუთარი გადაწყვეტილებები მიეღო.

რა კითხვები დატოვა პასუხგაუცემელი, სად ხედავს ირაკლი ღარიბაშვილის ადგილს და როდის დაიშლება კოალიცია? ამ საკითხებთან for.ge გია ხუხაშვილს ესაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ეს არის მისი გადაწყვეტილება. ფიქრობთ, რომ ღარიბაშვილი დამოუკიდებლად მიიღებდა გადაწყვეტილებას?

გია ხუხაშვილი: ჯობია, რომ განმარტებები თვითონ ღარიბაშვილმა გააკეთოს. ახლა, არ არის ის სიტუაცია, როდესაც შეიძლება საკითხში ღრმად შევიდეთ. ცუდია, რომ მან ბრიფინგზე არ თქვა ორი მთავარი რამ.

რა უნდა ეთქვა?

– პირველი, მინიშნება მაინც უნდა გაეკეთებინა იმაზე, რა იყო მისი წასვლის მიზეზი და მეორე, რას აპირებს სამომავლოდ. ვფიქრობ, რომ მას შეეძლო საკმაოდ კარგად, სახის შენარჩუნებით შეეფუთა ეს პროცესი, მაგრამ საბოლოო ჯამში, დარჩა კითხვა, რატომ ჩაატარა ბრიფინგი? თუ გადადგომა უნდოდა ისე, რომ არაფერი ეთქვა, ეს შეეძლო ბრიფინგის გარეშეც გაეკეთებინა.

თუნდაც ის, რომ გადადგომის მიზეზი არ დაასახელა, ესეც ადასტურებს, რომ ეს მისი გადაწყვეტილება არ არის?

– არ მინდა კატეგორიული ვიყო. იმედს ვიტოვებ, რომ უახლოეს მომავალში გახსნის ფრჩხილებს და ცოტა უფრო მეტს იტყვის. სამწუხაროდ, მისმა ბრიფინგმა ახალი კითხვები გააჩინა. მათ შორის, თქვენი კითხვაც აბსოლუტურად ლეგიტიმურია, მაგრამ არ მინდა ღრმად შესვლა ამ ყველაფერში, მინდა, რომ მას მივცე საშუალება მეტი ილაპარაკოს. დღეს, ღარიბაშვილმა გადაწყვეტილის ამ ფორმით, უხერხულობა შუქმნა არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ, მთლიანად პოლიტიკურ გუნდს. იმიტომ, რომ შეთქმულების თეორიების განვითარების ძალიან დიდი სივრცე გააჩინა.

და იქნებ ეს შეგნებულად გააკეთა?

– შეგნებულად გააკეთა, თუ შეუგნებლად, ეს უკვე მეორე საკითხია, რაც ახლო მომავალში გამოჩნდება.

არჩევნებმადე ერთი წლით ადრე, დაგვიანებულია თუ დრულია ეს ცვლილება? „ქართული ოცნების“ დაბალი რეიტინგიც ღარიბაშვილს ბრალდება, შესაბამისად გარკვეული ნაწილი თვლის, რომ დროული იყო ცვლილება. თუკი ამ ლოგიკას გავყვებით, ფიქრობთ, რომ განახლებული გუნდი რეიტინგს მოუტანს კოალიციას?

– ჩვენ ხშირად გვისაუბრია იმაზე, რომ ქვეყანაში არის მმართველობითი კრიზისი და ამ კრიზისის ლოგიკური დასასრული უნდა ყოფილიყო მეჯემენტის სისტემური გადახედვა, ანუ ეფექტურობის, გადაწყვეტილების სწრაფი მიღების და პასუხისმგებლობის თვალსაზრისით, რაც ძალიან პრობლემატური იყო აღმასრულებელ ხელისუფლებაში. თუკი იწყებ სისტემურ ცვლილებებს, ბუნებრივია, რომ სისტემური ცვლილების დროს საკადრო გადაწყვეტილების მიღებაც გიწევს. ყოველ შემთხვევაში, ახლა არის მცდელობა დაიწყოს ეს პროცესი. გარდა ამისა, თუ საარჩევნო ჭრილში ვილაპარაკებთ, რა თქმა უნდა, ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან პრობლემატური ლიდერი იქნებოდა.

სად ჩანდა, რომ ღარიბაშვილი იყო პრობლემური ლიდერი?

– როგორც წესი, საარჩევნო პროცესში ხელისუფლებას დასჭირდება კომუნიკაციები სხვადასხვა სოციალურ და საზოგადოებრივ ჯგუფებთან, იგივე პრეზიდენტის ინსტიტუტთთან და ა.შ. ღარიბაშვილმა მოახერხა ყველა მიმართულებით ხიდების დაწვა. არ დარჩა არც ერთი ჯგუფი, რომლისთვისაც მას შეურაცხყოფა არ მიუყენებია. „საბოტაჟი“, „ძირგამომთხრელი საქმიანობა“, „მოღალატეები“ და ა.შ. ასეთი იყო მისი ლექსიკა.

ძირითადად ამ კონქესტში ის საუბრობდა „ნაციონალურ მოძრაობაზე“…

– მე არ ვლაპარაკობ „ნაციონალურ მოძრაობაზე“. ვსაუბრობ სამოქალაქო სექტორზე, ძალიან აგრესიულ დამოკიდებულებაზე პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ. ეს ყველაფერი პრობლემა გახდება ხელისუფლებისთვის, რომელსაც წინასაარჩევნოდ გარკვეული კონსოლიდაცია სჭირდება. გარდა ამისა, სჭირდება რეალური ლიდერები. მეც დამენანა, მაგრამ მეორე მხრივ, ამ ქვეყანაში არავის ჰქონია განცდა, რომ მას ჰქონდა უნარი რაიმე ტიპის გადაწყვეტილების მიღების და შესაბამისად, პასუხისმგებლობის აღების. ყველას ჰქონდა განცდა, რომ ის იყო ფასადი, ვერ ჩამოყალიბდა ლიდერად. არ ჰქონდა ლიდერისთვის დამახასიათებელი ნიშანი.

ვერ გახდა ლიდერი, იმიტომ, რომ არსებობდა ივანიშვილის ფაქტორი, როგორც გადაწყვეტილების მიმღების?

– ასე არ არის. დამერწმუნეთ, რომ თუ ადამიანს აქვს შესაბამისი პიროვნული თვისებები, ის არასოდეს არ იმოქმედებს გარედან კარნახით. კი ბატონო, შეიძლება კონსულტაციების დონეზე, მაგრამ ყველაფერი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარეობს. რაც ხდება დღეს, საბოლო ჯამში, პირადად ირაკლი ღარიბაშვილისთვის ძალიან კარგია.

ძნელია იმაზე დიდი ტვირთის ზიდვა, ვიდრე ადამიანს შეუძლია. ჩვენ ყოველდღიურად ვხედავდით, რომ მისთვის ძალიან მძიმე იყო ეს ტვირთი. ის ვერ ჩამოყალიბდა ლიდერად. განა იმიტომ, რომ არ უნდოდა, პირიქით ძალიან ცდილობდა, ბევრს მუშაობდა, მაგრამ ტვირთი იყო იმაზე დიდი, ვიდრე მას ჰქონდა რესურსი. ამისგან გათავისუფლება ადამიანურად მისალოცია.

გარდა იმისა, რომ ღარიბაშვილი გამონათქვამებში იყო არაკორექტული, მის გარშემო იყო ისეთი თემები, როგორიც არის ჯანყარაშვილი, იგივე კახური კლანის საკითხი, შეწყალების კომისიის სკანდალი ბესელია-კობახიძის მონაწილეობით, ეს ყველაფერი დაგროვდა „ქართული ოცნების“ გარშემო. ფიქრობთ, რომ ეს საკითხები გახდა მისი გადადგომის მიზეზი?

– რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არ არის შემთხვევა, როდესაც ღარიბაშვილი წავიდა ერთი რაიმე პრობლების გამო. ეს არის პრობლემათა მთელი წყება, მათ შორის ის საკითხები, რაზეც თქვენ ისაუბრეთ. თუ ვისაუბრებთ ჯანყარაშვილს თემაზე, სამწუხაროდ, ვერ მოახერხა ბოლომდე დაეხურა ნათესავების თემა, არათუ ის, რომ რაღაცა სხვა გავლენიდან გამოსულიყო. ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ ლიდერისთვის საჭირო რესურსები არ ჰქონდა. წვეთ-წვეთად გროვდებოდა მის გარშემო ყველაფერი.

კატალიზატორის როლი რამ ითამაშა, ანუ რა იყო ბოლო წვეთი?

– ეს, ალბათ, ცალკე განხილვის თემაა. კომპლექსური საკითხი იყო, ერთ კონკრეტულ მიზეზთან არ გვაქვს საქმე.

ღარიბაშვილის არჩევნებამდე გადადგომა ნიშნავს იმას, რომ სათავეში ჩაუდგება „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიას?

– ეს მას გუშინ უნდა ეთქვა. ესეც მეტყველებს, რომ ის არ არის ლიდერი

რადგან ამ სახის მესიჯი არ იყო წამოსული, შეიძლება ითქვას, რომ ქართული პოლიტიკიდან მიდის?

– ასეთი განცდა დარჩა, იმიტომ, რომ რაღაცა დაბნეული და ნაწყენი წავიდა. მას შეეძლო გუშინ ეთქვა, რომ საარჩევნო წრეში შევდივარო. არავინ ეტყოდა მას უარს სიის პირველობაზე. იმიტომ, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პირველი იქნება, თუ მეორე. რეალურად ორთქმავალი სხვაგან ზის.

დღევანდელი გადასახედიდან შესაძლებელია კოალიცია დაიშალოს და არჩევნებში კოალიცია „რესპუბლიკელების“ გარეშე წარსდგეს?

– ვერაფერს გამოვრიცხავ. თუმცა, ვფიქრობ, რომ კოალიცია დაიშლება არჩევნების შემდეგ, უკვე მთავრობის დაკომპლექტების, ანუ უმრავლესობის შექმნის პერიოდში. კოალიციის შემაკავშირებელი თემები დღეს რა არის? – ისინი აპირებენ ისევ ბიძინა ივანიშვილის მხრებზე აცოცებას, როგორც პარაზიტული წარმონაქმნი და ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტით შესვლას პარლამენტში, რადგან კოალიციის შიგნით შემავალი პარტიები ცალ-ცალკე არაფერს არ წარმოადგენენ.

შესაბამისად, გეგმა არის ასეთი – აცოცდნენ ივანიშვილის მხრებზე და მის მხრებზე შემჯდარმა შეინარჩუნონ ძალაუფლება. მაგრამ თუ ვივარაუდებთ იმას, რომ მათ არ ექნებათ პარლამენტში მყარი უმრავლესობის შექმნის რესურსი, ამ შემთხვევაში კოალიცია შიგნით დაიშლება და უკვე პოსტსაარჩევნო პერიოდში ჩვენ ვიხილავთ სულ სხვა ტიპის საპარლამენტო კოალიციას.

ამ შემთხვევაში სად ხედავთ რესპუბლიკელების ადგილს? ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ გართულებული აქვთ ურთიერთობა კოალიციის შიგნით, რა ძალიან ბვერჯერ დადასტურდა…

– შექმნილი პოლიტიკური ვითარება არც გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრს მისცემს იმის საშუალებას, რომ ასე ჰკრას ხელი „რესპუბლიკურ პარტიას“. ასეთ შემთხვევაში გარკვეული სახელმწიფოებრივი მიმართულებებით შეიძლება ისეთი ვაკუუმი გაჩნდეს, რომლის შევსების საშუალება დღეს ხელისუფლებას არ აქვს. ამ შემთხვევაში ვსაუბრობ კონკრეტულ პერსონებზე, ძალიან რთულია იგივე დავით უსუფაშვილის შეცვლა, მაგარამ იგივეს ვერ ვიტყვი თინა ხიდაშელზე. არსებობს გარკვეული მიმართულება, რომლის ჩანაცვლების რესურსი ხელისუფლებას არ აქვს, რაც ერთ-ერთი პრობლემაა „ქართული ოცნებისთვის“.

წყარო
for.ge
თამთა ქარჩავა

Leave A Reply

Your email address will not be published.