ინვესტიციების შემაფერხებელი მიზეზები DCFTA-ის ამოქმედების შემდეგ

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ამოქმედებას საქართველოსთვის არაერთ პოზიტიური შედეგი უნდა მოჰყოლოდა, მათ შორის ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა. 2015 წლის 1 იანვარიდან – სექტემბრის ჩათვლით უცხოეთის მონაწილეობით საქართველოში 2195 კომპანია დარეგისტრირდა, თუმცა ცალკე საკითხია რამდენად უკავშირდება ეს ფაქტი იმას, რომ ქართული წარმოშობის პროდუქციას, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ევროკავშირის ბაზარზე ნულოვანი საბაჟო ტარიფით შესვლის შესაძლებლობა გაუჩნდა. რამდენად ინტერესდებიან უცხოელი ინვესტორები DCFTA-ით გათვალისწინებული საქართველოს ახალი შესაძლებლობით, ან რა არის ის ძირითადი ფაქტორები, რაც საქართველოს, როგორც ევროკავშირთან ვაჭრობის პოტენციურ რეგიონულ ცენტრად გამოყენებას უშლის ხელს, ამაზე არაერთი პასუხი და პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს.

2014 წლის 1 სექტემბრიდან, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ამოქმედებით, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოში წარმოებული საქონლისა და მომსახურებისთვის მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი (ამ ეტაპზე 28 ქვეყანა და 500 მილიონზე მეტი მომხმარებელი) იხსნება; საქართველოში ინვესტირება მიმზიდველი უნდა გახდეს, რაც საინვესტიციო ნაკადების ზრდას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ახალი საწარმოებისა და საექსპორტო პროდუქციის გაჩენას გამოიწვევს; ამასთანავე, ქართული წარმოშობის პროდუქციას, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ევროკავშირის ბაზარზე ნულოვანი საბაჟო ტარიფით შესვლის შესაძლებლობა გაუჩნდება.
ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, 2015 წლის 1 იანვარიდან – სექტემბრის ჩათვლით უცხოეთის მონაწილეობით საქართველოში 2195 კომპანია დარეგისტრირდა. (2014 წლის სექტემბრიდან – დღემდე – 3053, 2013 წელს – 4830, 2012-ში – 4335 კომპანია). 2012-2015 წლებში საქართველოში უცხოეთის მონაწილეობით შექმნილ კომპანიათა ძირითადი რიცხვი თბილისსა და აჭარის რეგიონზე მოდის.
წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის პირველ ორ კვარტალში საქართველოში ჯამში 530.0 მლნ. აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა: პირველ კვარტალში – 175.3 მლნ. აშშ დოლარი, მეორე კვარტალში – 354.7 მლნ. აშშ დოლარი. 2015 წლის მეორე კვარტალისწინასწარი მონაცემი 2009-2014 წლებში დაფიქსირებულ მეორე კვარტლის მონაცემებს აღემატება: 2008წლის მეორე კვარტალი – 605.4 მლნ. აშშ დოლარი; 2009წ.- 177.2მლნ. აშშ დოლარი, 2010წ. – 208.3 მლნ. აშშ დოლარი, 2011წ.- 248.3 მლნ. აშშ დოლარი, 2012წ. – 217.7 მლნ. აშშ დოლარი, 2013წ. – 207.9 მლნ. აშშ დოლარი, 2014წ. – 196.2 მლნ. აშშ დოლარი.
აღსანიშნავია, რომ 2007 წლის შემდეგ, უცხოური ინვესტიციების კუთხით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2014 წელს დაფიქსირდა – 1 758.4 მლნ აშშ.დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია. (2007 წ. – 2 014.8 მლნ. აშშ დოლარი, 2008წ. – 1 564.0 მლნ. აშშ დოლარი, 2009წ. – 658.4 მლნ. აშშ დოლარი, 2010წ. – 814.5 მლნ. აშშ დოლარი, 2011წ. – 1 117.2 მლნ. აშშ დოლარი, 2012წ. – 911.6 მლნ. აშშ დოლარი, 2013წ. – 941.9 მლნ. აშშ დოლარი)
ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, მარიამ გაბუნიას განცხადებით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ამოქმედებიდან მცირე დროა გასული და ამ ეტაპზე რთულია კონკრეტულად საუბარი, ცალსახად DCFTA-ის ფაქტორს უკავშირდება, თუ არა საქართველოში ბოლო დროს განხორციელებული უცხოური ინვესტიციები.
მარიამ გაბუნიას თქმით, DCFTA გრძელვადიან სარგებელზეა გათვლილი და ამ შეთანხმებით სრულად სარგებლობისთვის საქართველომ გარკვეული რეფორმები უნდა განახორციელოს; რამდენიმე წლის შემდეგ კი ამ შეთანხმებამ გაცილებით მეტი სარგებელი უნდა მოიტანოს, როგორც ვაჭრობის, ასევე ინვესტორების დაინტერესების კუთხითაც.
DCFTA-ის ამოქმედებასა და ევროკავშირის ბაზარზე ნულოვანი საბაჟო ტარიფით შესვლის შესაძლებლობაზე საუბრისას, ეკონომისტი აკაკი ცომაია აღნიშნავს, რომ ამ შესაძლებლობას ინვესტორთა ინტერესი უნდა გამოეწვია და მათთვის მოტივაციაც უნდა გაეჩინა, თუმცა არსებობს არაერთი გლობალური, თუ ლოკალური ფაქტორი, რის გამოც საინვესტიციო მიმზიდველობის ტრენდი მთელ მსოფლიოში მცირდება.
მისი თქმით, ამ ეტაპზე მსოფლიო ეკონომიკა რეცესიულ ჩიხშია შესული, ინვესტორები კი გარკვეულწილად ერიდებიან ახალი საინვესტიციო პროექტების წამოწყებას და მსოფლიო ინვესტიციები მეტწილად დაზოგვისკენ არის მიმართული. ასევე, მნიშვნელოვანია კიდევ ერთი გლობალური ფაქტორი – რუსეთის ბაზრის შემცირებით რეგიონი ინვესტირებისთვის არამიმზიდველი გახდა,ამან მეზობელი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ბაზრის შემცირება გამოიწვია, რასაც ლარის 35%-ით და რეგიონში, მთელი რიგი ვალუტების გაუფასურებაც დაემატა.
ექსპერტის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საგადასახადო ტვირთი არ გაზრდილა და არც ახალი რეგულაციებია ისეთი, რომ ქვეყანას საინვესტიციო მიმზიდველობა დაეკარგა, ქართული საინვესტიციო გარემო მაინც ნაკლებად მომხიბლავია; გარდა ამისა, საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ ინფორმაცია ასე თუ ისე მწირია, ამიტომაც, მთავრობა ამ მიმართულებით უნდა გააქტიურდეს, მთავრობამ უნდა დაარწმუნოს ინვესტორები, რომ ინვესტიციის ნაწილი არა, ვთქვათ, ჩინეთსა თუ სამხრეთ აზიაში, არამედ საქართველოში ჩადოს. საქართველოს ტერიტორიაზე საქონლისა და მომსახურების შექმნის მიმზიდველობა – ეს უნდა იყოს ხელისუფლების მთავარი გზავნილი უცხოეთში, მაგრამ ჯერჯერობით, როგორც ჩანს, მთავრობას ასეთი მიზანი არ აქვს ჩამოყალიბებული.
„რა თქმა უნდა კაპიტალიც პრობლემაა, თუმცა მას ასე თუ ისე იშოვნი; ჩვენ ცოდნის, კომპეტენციის, დეფიციტი გვაქვს, არ ვიცით როგორ ავითვისოთ ევროკავშირის ბაზარი, შესაბამისად, ამ შესაძლებლობას ეფექტურად ვერ ვიყენებთ. უფრო მეტად უცხოურ ინვესტიციებზე ვართ დამოკიდებული. უცხოური ინვესტიციები გვჭირდება იმისთვის, რომ ეს გზა გაიჭრას. შედეგად, ამ კუთხით ჩვენი ცოდნაც ეტაპობრივად გაიზრდება და ევროკავშირის სივრცის ათვისება გაცილებით გაგვიადვილდება. თუკი უცხოური ინვესტიციები არ მივიღეთ, ფაქტია, რომ ჩვენი რესურსით ევროკავშირის ბაზარზე გასატანი პროდუქციის შექმნა გაგვიჭირდება“, – ამბობს აკაკი ცომაია.
ახალი პოლიტიკური ცენტრის, „გირჩის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა რომ DCFTA-ის ამოქმედებიდან ერთი წელია გასული, სასურველი ეფექტი ვერ მივიღეთ, რადგან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედებამდე ხელისუფლებამ აქცენტი რუსული ბაზრის გახსნაზე გადაიტანა და ძირითადი დრო, ენერგია, მათ შორის ფული ამ მიმართულებით იხარჯებოდა. ეს იყო მცდარი პოლიტიკა, რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ რუსული ბაზრისგან გარკვეული ეფექტი მივიღეთ, თუმცა შემდეგ, სანქციების გამო, რუსულ ბაზარს სერიოზული პრობლემები შეექმნა და ამან პირდაპირ დაარტყა საქართველოს ეკონომიკას და მათ შორის ლარსაც; ამდენად, საქართველომ ნაკლები ეფექტი მიიღო DCFTA-დან, იმიტომ, რომ მასზე ნაკლები ყურადღება იყო გამახვილებული.
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, DCFTA-სთან მიმართებაში სახელმწიფოს სერიოზული სამუშაო აქვს, აუცილებელია იმის ანალიზი, თუ რა ტიპის პროდუქცია შედის ევროკავშირში სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის შორეული აზიის ქვეყნებიდან და აქედან შეიძლება გარკვეული პროდუქტების შერჩევა, რომლებიც შეიძლება ან იწარმოოს საქართველოში, ან დაშლილ მდგომარეობაში შემოვიდეს, აქ აიწყოს და ევროკავშირის ბაზარზე გავიდეს.ამ გზაზე ბევრი დაბრკოლება შეიძლება იყოს, მათ შორის მუშახელის უნარებთან და მსგავს საკითხებთან დაკავშირებული, თუმცა თუკი შესაბამისი ძალისხმევა დაეთმობა, ყველაფერი დაძლევადია.
„სამწუხაროდ, ეკონომიკური გარემოს კუთხითაც მრავალი პრობლემა გვაქვს. ბოლო სამი წლის განმავლობაში ნაბიჯები არა უფრო ლიბერალური გარემოს შექმნისკენ, არამედ საპირისპირო მიმართულებითგადაიდგა. ამან საკმაოდ არასტაბილური გარემო შექმნა ქვეყანაში. სხვა არაერთ პრობლემას დაემატა დემოკრატიასთან დაკავშირებული პრობლემებიც, რის გამოც ჩვენ სერიოზულად დავზარალდით. ჩვენი გარემო კიდევ უფრო ლიბერალური უნდა გახდეს, იმიტომ, რომ არაერთი რისკი და შეზღუდვაა, რაც ქართულ ბაზარს აქვს: მოსახლეობის სიმცირე, არასათანადოდ განვითარებული ინფრასტრუქტურა, დაბალი მსყიდველუნარიანობა და სხვა შეზღუდვები, რომლებსაც სწრაფად ვერ გადაჭრი, სხვა ტიპის მიმზიდველობით უნდა დავაბალანსოთ. უპირველეს ყოვლისა,კიდევ უფრო უნდა შემცირდესგადასახადები, რათა კონკურენტუნარიანი გარემო შევქმნათ და ამითი გავზარდოთ ჩვენი მიმზიდველობა. სამწუხაროდ, ხელისუფლება უბრალოდ დინებას მიჰყვება და მკვეთრ ცვლილებებს პოლიტიკაში არ ახორციელებს“, – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.
2015 წლის იანვარ-სექტემბერში ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2318 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6%-ით მეტია; აქედან ექსპორტი 471 მლნ. აშშ დოლარი – გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2%-ით მეტი იყო.
ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის, კახა გოგოლაშვილის განცხადებით, აღნიშნული ზრდა არა იმდენად DCFTA-ის ეფექტურად ამოქმედებით, არამედ რეგიონში არსებული კრიზისით და ევროკავშირის ბაზრის შედარებით სტაბილურობით არის განპირობებული – ამ კონტექსტში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე უფრო მიმზიდველია, შესაბამისად, ეს სიტუაცია თავისთავად მოქმედებს იმაზე, რომ ევროკავშირში ექსპორტი ცოტათი იზრდება.
მისი თქმით, საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოცულობა იზრდება, თუმცა ძალიან ნელი ტემპით, ხოლო DCFTA-ის ამოქმედებასთან არა მხოლოდ უცხოური ინვესტიციების მატება, არამედ წარმოების სექტორის, ასევე, კერძო სექტორში, პოტენციურად საექსპორტო მიმართულებების ზრდაა დაკავშირებული; ამით ქვეყანამ შეიძლება გაზარდოს მყარი ვალუტის შემოდინება, გაიუმჯობესოს საგადასახადო ბალანსი, რამაც საბოლოო ჯამში ლარი უნდა გაამყაროს, თუმცა ამ მიმართულებით პროგრესი ჯერჯერობით არ ჩანს.
„DCFTA-ის შედეგს აუცილებლად მივიღებთ, თუმცა არა ერთ, ან ორ წელიწადში. ეს არის გრძელვადიანი პერსპექტივა, რაზეც არაერთი ფაქტორი მოქმედებს. როდესაც ქვეყანაში ინვესტიციას დებ, ეს ქვეყანა პოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით სტაბილური უნდა იყოს, ჩვენი რეგიონი კი დღესდღეობით ძალიან მაღალი რისკის შემცველია, ეს ყველაფერი ინვესტორის მოტივაციაზე ახდენს გავლენას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ბაზრის სიმცირე, დაბალი გადამხდელუნარიანობა, კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობა. საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც მარტივად შეგიძლია ააწყო ექსპორტზე ორიენტირებული, მაღალხარისხიანი, დიდი წარმოება“, – ამბობს კახა გოგოლაშვილი.
Eugeorgia.info-ს კითხვაზე, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სხვა ქვეყნიდან შემოტანილი ნედლეულის ბაზაზე შექმნილი პროდუქტი, საქართველოში წარმოებულად რომ ჩაითვალოს და ევროკავშირის ბაზარზე ნულოვანისაბაჟოტარიფითშესვლის შესაძლებლობა ჰქონდეს, ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ გაბუნია განმარტავს, რომ თითოეული დასახელების პროდუქტი წარმოშობის იმ წესებს უნდა აკმაყოფილებდეს, რაც DCFTA-ის საკმაოდ ვრცელ, თითქმის 300 გვერდიან დანართშია გაწერილი.
„მაგალითად,წარმოებაში ადგილობრივად შექმნილი ღირებულება უნდა იყოს 40%-ზე მეტი, ან ვთქვათ 30%-ზე მეტი. ზოგიერთ შემთხვევაში 90%-ზე მეტი, ეს დამოკიდებულია თავად კონკრეტულ პროდუქტზე. ზოგიერთ შემთხვევაში პროდუქტი მთლიანად საქართველოში უნდა იყოს წარმოშობილი, მაგალითად ცოცხალი ცხოველი. ყველა პროდუქტს განსხვავებული წარმოშობის წესები აქვს“, – აღნიშნავს მარიამ გაბუნია.
უცხოელი ინვესტორების დაინტერესებისთვის საჭირო ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხზე – საქართველოს სანედლეულო ბაზაზე საუბრისას,ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ საქართველო პატარაა ქვეყანაა და უცხოელი ინვესტორისთვის მხოლოდ ეს ბაზარი არ იქნება საინტერესო, ამიტომაც, თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმებისა და დიაგონალური კუმულაციის მეთოდის გამოყენებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნებთან მიმდინარეობს.
დიაგონალური კუმულაციის მეთოდი იმ ქვეყნების ჯგუფს შორის გამოიყენება, რომლებსაც ერთმანეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აქვთ. მისი არსი მდგომარეობს შემდეგში, რომ ამ ქვეყნებს შორის ურთიერთვაჭრობისას თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მონაწილე თითოეულ სახელმწიფოში წარმოშობილი ნედლეული ითვლება სხვა მონაწილე სახელმწიფოებში წარმოშობილად და პროდუქციას ენიჭება იმ ქვეყნის წარმოშობის სტატუსი, სადაც იღებს სასაქონლო სახეს. შემდგომში, ეს პროდუქცია თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით გადაადგილდება ყველა ამ ქვეყნის ტერიტორიაზე.
„მარტივად რომ ავხსნათ, თუ სამ ქვეყანას ერთმანეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აქვს, მაგალითად საქართველოს, როგორც ევროკავშირთან, ასევე თურქეთთან (თურქეთსა და ევროკავშირს აქვს საბაჟო კავშირი, რომელიც თავისი არსით თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაა, რომელიც მხოლოდ სამრეწველო პროდუქციას ფარავს). თუკი ჩვენ სამნი შევთანხმდებით, შესაძლოა ამოქმედდეს დიაგონალური კუმულაცია და ერთი ქვეყნიდან მეორეში შეტანილი ნედლეულის საფუძველზე დამზადებული პროდუქცია მესამე ქვეყანაში გავიდეს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით. ანუ, თურქეთიდან შემოტანილი ნედლეულის საფუძველზე დამზადებული პროდუქცია ქართულად ჩაითვლება და ევროკავშირშის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით გავა“, – განმარტავს მარიამ გაბუნია.
Eugeorgia.info-ს მიერ ეკონომიკის სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, დღეისათვის საქართველო ევროკავშირის გარდა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით სარგებლობს დსთ-ს (აზერბაიჯანის რესპუბლიკა, მოლდოვის რესპუბლიკა, სომხეთის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია, ბელარუსის რესპუბლიკა, ტაჯიკეთის რესპუბლიკა, თურქმენეთი, ყაზახეთის რესპუბლიკა, უზბეკეთის რესპუბლიკა, ყირგიზეთის რესპუბლიკა, უკრაინის რესპუბლიკა) ქვეყნებთან და თურქეთის რესპუბლიკასთან. (2014 წლის 1 სექტემბრის შემდგომ საქართველოს ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთან არ გაუფორმებია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება);
ასევე, „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედების შემდგომ, საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა ისარგებლოს საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესების კუმულაციური მეთოდით. კერძოდ, ამჟამად საქართველოს მხრიდან მიმდინარეობს მუშაობა პან-ევრო-ხმელთაშუაზღვის წარმოშობის პრეფერენციულ წესებზე რეგიონალურ კონვენციაზე (REGIONAL CONVENTION ON PAN-EURO-MEDITERRANEAN PREFERENTIAL RULES OF ORIGIN) მიერთებასთან დაკავშირებით. აღნიშნული კონვენციის ძალაში შესვლის შემდგომ საქართველო შეძლებს ისარგებლოს კუმულაციის მეთოდით თურქეთის რესპუბლიკასთან. საქართველოს ამავე მეთოდით სარგებლობის საშუალება მიეცემა ასევე საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შემდგომ“.
მარიამ გაბუნიას განცხადებით, „პან-ევრო-ხმელთაშუაზღვის წარმოშობის პრეფერენციულ წესებზე რეგიონალურ კონვენციაზე“ მიერთებასთან ერთად, რომლის წევრი თურქეთიც არის,თურქულ მხარესთან დიაგონალური კუმულაციის შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებიამ კონვენციისგან დამოუკიდებლადაც დიდი ხანია დაწყებულია.ამ ეტაპზე როგორც თურქული, ასევე ქართული მხარე შიდა განხილვებს აწარმოებს. რაც შეეხება მოლაპარაკებებს EFTA-სთან, აღნიშნული პროცესი გარკვეულ დროს მოითხოვს და სავარაუდოდ 2016 წლის პირველ ნახევარში დასრულდება.
მისივე თქმით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებამ განაპირობა ის, რომ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებით დაინტერესდა ჩინეთი, ქვეყანა, რომელსაც ამ მიმართულებით ინტერესი ადრე არ გამოუმჟღავნებია.
„ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთნხმებაზე მოლაპარაკებას სავარაუდოდ მომავალი წლის დასაწყისში დავიწყებთ. ბუნებრივია, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი აზიური ბაზარი ჩვენთვის საკმაოდ მიმზიდველი და საინტერესოა. ჩინელებისთვისაც საინტერესო გახდა საქართველო, ევროკავშირთნ ჩვენ თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს და ჩინეთი ალბათ ფიქრობს, რომ ევროკავშირის ბაზარზე შესასვლელად საქართველოს როგორც ჰაბს ისე გამოიყენებს“, – აღნიშნავს მარიამ გაბუნია.
ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის, კახა გოგოლაშვილის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მქონე ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, დიაგონალური კუმულაციის გამოყენება ძალიან ეფექტურად შეიძლება; ასევე, მნიშვნელოვანია, რომ პროდუქციის წარმოშობის წესები, რომლებიც DCFTA-შია ჩადებული, ყველა მესამე ქვეყანას,მათი რესურსის საქართველოში გადამუშავებით და საბოლოო ფორმის მიცემით, ევროკავშირის ბაზარზე ნულოვანი განაკვეთით გატანის საშუალებას აძლევს.
„სამწუხაროდ ამ შესაძლებლობას ეფექტურად ვერ ვიყენებთ. რამდენადაც ვიცი, ეს საკითხი კონცეპტუალურად ჯერ არ არის დამუშავებული. საჭიროა შემუშავდეს კონცეფცია, ამ მიმართულებით შეიქმნას დასხვადასხვა ქვეყანაში გატარდეს საინფორმაციო პოლიტიკა. შესასწავლია სხვა ქვეყნების პოტენციალი, სად რა ტიპის საწარმოებია, როგორ უნდა დაუკავშირდეს ისინი საქართველოს. საინფორმაციო პოლიტიკის გატარება აუცილებელია საქართველოშიც, ჩვენი მეწარმეებიც უნდა დავაინტერესოთ. ეს ყველაფერი საკმაო ძალისხმევას მოითხოვს. ამ მიმართულებით მთავრობამ სერიოზულად უნდა იმუშაოს, ბიზნესს ამ ხედვების განვითარებაში უნდა დაეხმაროს და როგორც კი გარკვეული მიმართულებები გამოიკვეთება, ბიზნესი თავად მიხედავს საქმეს“, – აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი.
ახალი პოლიტიკური ცენტრის, „გირჩის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომსახელმწიფო ხარჯები მნიშვნელოვნადაა შესამცირებელი, სახელმწიფო ბიუროკრატია უნდა დაპატარავდეს და ეკონომიკას ამუშავების საშუალება მიეცეს. ამის შესაბამისად უნდა შემცირდეს გადასახადები.
„ეს ნაბიჯი პოლიტიკურად ყველაზე რთული გადასადგმელია და არ მგონია ამ ხელისუფლებამ გარისკოს ამის გაკეთება. ხარჯების შემცირება ნიშნავს, რომ ეს თანხა უნდა ამოვიღოთ ეკონომიკიდან, შესაბამისად, გადასახადები დავწიოთ. გადასახადების დაწევა ყოველთვის სწორი ნაბიჯია, ნებისმიერ დროს და მათ შორის ინვესტორისთვისაც, ცხადია, საინტერესო იქნება ისეთი ეკონომიკური გარემო, სადაც მეტი მოგების ნახვას შეძლებს. ვთქვათ, ინვესტორი ფიქრობს სად უნდა ჩადოს ფული საქართველოში, თუ ჩეხეთში. საქართველოში შეიძლება უფრო დაბალი გადასახადია, ვიდრე ჩეხეთში, მაგრამ ჩეხეთს აქვს სხვა უპირატესობები, ვთქვათ მუშახელი ჰყავს უფრო უნარიანი, ბაზარი უფრო მსყიდველუნარიანია და არაერთი სხვა ფაქტორი. თუკიინვესტორს ვაჩვენებთ, რომ საკუთარ შეზღუდვებს უფრო მეტი მოგების შესაძლებლობით ვაბალანსებთ, შეიძლება ყველამ არა, მაგრამ ინვესტორების რაღაც ნაწილმა გარისკოს და საქართველოში ჩადოს ფული“, – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

Comments
Loading...