ირაკლი ალასანია – არ გამოვრიცხავ ოცნებასთან კოალიციაში შესვლას

„თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია ამბობს, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, გამორიცხული არ არის კოალიციური მთავრობის შექმნა გახდეს აუცილებელი. ამის შესახებ მან რადიო “ქალაქის” გადაცემა „სანაიას სტუდიაში” ისაუბრა.

ირაკლი ალასანია მისი პარტიის ყოფილი წევრის დავით ზალკალიანის მთავრობაში გადასვლის ფაქტსაც გამოეხმაურა. “დათომ გადაწყვიტა, რომ აღარ იყოს საჯარო პოლიტიკაში. ამაზე 1 წლის წინ გვქონდა ლაპარაკი. შემდეგ ჩვენი დამფუძნებლის ლევან მიქელაძის პარტიის ფონდს ჩაუდგა სათავეში. ჩემთვის გაურკვეველი და ასევე მოულოდნელი იყო მისი ნაბიჯი, რომ ეს ფონდიც მიატოვა და დაბრუნდა სამთავრობო გუნდში. ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა და დარწმუნებული ვარ, დათოს კვალიფიკაცია გამოადგება საგარეო საქმეთა სამინისტროს.

ივანიშვილს ექნებოდა მიზნად, რომ ბზარი შეეტანა ჩვენი გუნდის სიმყარეში. დაწყებული სააკაშვილის რეჟიმიდან, შემდეგ უკვე, როცა ოპოზიციაში გადავედით, ივანიშვილის რეჟიმი – ყველა ცდილობდა ამ გუნდის დაშლას, რადგან ეს არის ძლიერი, კვალიფიციური ხალხის, ერთ მუშტად შეკრული გუნდი. ერთი დათო ზალკალიანის დაბრუნება მთავრობაში, რომელსაც ბუნებრივია, მიზნად ჰქონდა ბზარის შეტანა გუნდში, ვერ დაგვარღვევს,”- განაცხადა ირაკლი ალასანიამ. დიდი შანსია, დაგვჭირდეს კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება, მაგრამ ეს არჩევნების შემდეგ.

ეს იქნება ძალიან ჯანსაღი ქართული დმეოკრატიისთვის, ასე ხდება ევროპულ ქვეყნებში, – თქვა ირაკლი ალასანიამ. შეკითხვაზე, შესაძლოა, თუ არა, რომ “თავისუფალ დემოკრატებს” “ნაციონალურ მოძრაობასთან” ან “ქართულ ოცნებასთან” მოუწიოს მთავრობის შექმნა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ამის დიდი შანსი არსებობს. “არ არის გამორიცხული და უფრო მგონია, რომ მოგვიწევს კოალიციური მთავრობის შექმნა. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, ამიტომაც ვარ დაინტერესებული, რომ რაც შეიძლება ნორმალური, უკეთესი ხალხით შევიდეს “ქართული ოცნება” და სხვა ოპოზიციური ძალები პარლამენტში, რომ იქ თანამშრომლობის სივრცე მეტი გაჩნდეს”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

marshalpress.ge

Comments
Loading...