ირაკლი ალასანია მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, “თავი დაანებოს საქართველოს”

მოვუწოდებ სააკაშვილს, თავი დაანებოს საქართველოს, – ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში, გუშინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ბარიკადების აღმართვა და ქვეყნის დაცვა სააკაშვილმა 2008 წელს ვერ შეძლო, როცა საქართველოს ყველაზე მეტად სჭირდებოდა და “ყველას კარგად გვახსოვს, როგორ გამოიქცა ბრძოლის ველიდან”.
“გავრცელებული აუდიომასალის შინაარსი წარმოადგენს აბსოლუტურ დემონსტრირებას, თუ რა დამოკიდებულებაც აქვს სააკაშვილს ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენი ხალხის მიმართ. რა ბარიკადებზე ლაპარაკობს? როცა ბარიკადები და დაცვა იყო საჭირო 2008 წელს, კარგად გვახსოვს, როგორ გამოიქცა ბრძოლის ველიდან. ამიტომ მე მოვუწოდებ მას, დაანებოს საქართველოს თავი. კმარა, რა უბედურებაშიც გახვია ეს ქვეყანა მისმა ავტორიტარულმა მმართველობამ. ახლა მან უნდა მისცეს საშუალება საქართველოს და თუნდაც თავის პარტიას, მის გარეშე გავაგრძელოთ ცხოვრება”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მეორე მხრივ, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის აზრით, ქვეყანაში ისტერიული გარემოს და დაძაბულობის შექმნას ხელს მმართველი ძალა, “ქართული ოცნება” უწყობს.
“ყველაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ მთავრობის თავმჯდომარე უპასუხისმგებლოდ და აგდებულად იქცევა, როცა გამოდის და ძალადობისკენ მოუწოდებს მოქალაქეებს – ცეცხლს ეთამაშება ეს ხალხი ისე, რომ ვერც ხვდება, რამხელა შარში შეიძლება გახვიონ ქვეყანა”, – აღნიშნა “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა.
რაც შეეხება უშუალოდ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს, ალასანიას თქმით,
აუცილებელია, რომ აღნიშნული მედიასაშუალება ნელ-ნელა გაემიჯნოს “ნაციონალურ მოძრაობას”, რომელთანაც ასოცირებულია.

Comments
Loading...