ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” პოლიტიკაში დარჩენის მორალური უფლება არ აქვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობას” პოლიტიკაში დარჩენის მორალური უფლება არ აქვს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, უკრაინულ მედიაში ე.წ. სამეგრელოს კასრების ვიდეოკადრების გავრცელების საკითხზე საუბრის კონტექსტში განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” სიმბოლო სწორედ ის ნიღბიანი მამაკაცია, რომელიც აღნიშნულ ვიდეომასალაში მოქალაქეს აუპატიურებს.
“მოგეხსენებათ, გუშინაც გავრცელდა ე.წ. სამეგრელოს კასრების ვიდეოები, სადაც ცხადად ჩანს, თუ როგორ ექცეოდა “ნაციონალური მოძრაობა” საკუთარ მოქალაქეებს. ამ კადრებში აღწერილია საშინელი წამების სცენები. მინდა, ყველას გითხრათ, რომ მსხვერპლნი არიან ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც სამეგრელოში ცხოვრობენ. მათ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ. მე ვიცი ერთი ადამიანის ისტორია, რომელიც სახლიდან ღამის 3 საათზე მოიტაცეს, მის ორსულ მეუღლეს კი სასტიკად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც მოცული მოეშალა, ეს კაცი წაიყვანეს და აწამეს ისე, როგორც თქვენ ვიდეოში ნახეთ, ხოლო შემდეგ, იმის გამო, რომ მას ვერ ააღებინეს საკუთარ თავზე არჩადენილი დანაშაული, სხვა მიზეზით – ნარკოტიკების ჩადებით გაასამართლეს. ამას რატომ ვყვები? – ეს დღეები მესმის შეფასებები მათ შორის ამ დანაშაულებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლების მხრიდან. მათ კიდევ აქვთ რაღაც პრეტენზიები მაშინ, როცა ამ ადამიანებს არ აქვთ არავითარი მორალური და სხვა ტიპის უფლება საზოგადოებას ელაპარაკონ ისეთი ენით, როგორითაც ელაპარაკებიან”-აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, იმის მაგივრად, რომ ამ 3 წლის განმავლობაში “ნაციონალურ მოძრაობას” ყოველ დღე ბოდიში მოეხადა საზოგადოებისთვის, მათ მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულებისთვის, ისინი კვლავაც აგრძელებენ უტიფრად საზოგადოების შეუფრაცხყოფას და აქვთ მცდელობა, რომ შექმნან არეულობა და ქაოსი.
“ეს, რა თქმა უნდა, არის სრული აბსურდი. მე დარწმუნებული ვარ, საქართველოში ძნელად თუ მოიძებნება რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლისთვისაც მისაღებია ის, რაც ხდება ვიდეოებში – გაუპატიურება და არაადამიანური მოპყრობა. მიმაჩნია, რომ ასეთ ადამიანებს არ აქვთ უფლება დარჩნენ პოლიტიკაში. ჩემთვის სააკაშვილი, მისი მთავრობა და ლიდერები არიან სახე იმ ნიღბიანი ადამიანისა, რომელიც აუპატიურებს ხალხს ამ ვიდეოში. ეს არის ამ ორგანიზაციის სიმბოლო”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Comments
Loading...