ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ ვართ ქვეყანა გახსნილი გონებითა და გლობალური კავშირებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო „ჰოლიდეი ინ”-ში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ამაყობს, რომ ისეთი ქვეყნის პრემიერ-მინისტრია, რომლის ხალხიც ერთსულოვანია თავის მზადყოფნაში, მიიღოს ცვლილებები, რათა რეალობად აქციოს ევროატლანტიკური ამბიციები.

„მეორე მხრივ, მე ვამაყობ, რომ ვარ ისეთი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომლის ხალხიც ერთსულოვანია თავის მზადყოფნაში, მიიღოს ცვლილებები, რათა რეალობად აქციოს ჩვენი ევროატლანტიკური ამბიციები. ჩვენ ვართ ქვეყანა გახსნილი გონებითა და გლობალური კავშირებით, რომელიც მზად არის კავშირების განმტკიცებისთვის არა მხოლოდ თავის სამეზობლოში, არამედ ყველა კონტინენტზე”, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გასულ კვირას თბილისმა უმასპინძლა მნიშვნელოვან კონფერენციას, „აბრეშუმის გზის ფორუმს”, რომელშიც მონაწილეობდა ათასზე მეტი წარმომადგენელი.

„საქართველო მზად არის, გახდეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ცენტრი. უცხოური ინვესტიციები იზრდება. მსოფლიო ბანკისა და სხვა სააგენტოების რეიტინგებში ბიზნესის წარმოების სიმარტივისა და კორუფციის არარსებობის კუთხით ჩვენი მაჩვენებლები მაღალია. შიდა სტაბილურობა და გარე უსაფრთხოება განუყოფელია. ჩვენი რეგიონი რთულია, მაგრამ გარწმუნებთ, რომ საქართველო ძალ-ღონეს არ იშურებს და არ დაიშურებს კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების დასამკვიდრებლად.
საქართველო ერთგულად ემსახურება თავის მეზობლებს შორის მშვიდობის დამყარებისა და კონტინენტებს შორის ვაჭრობის გააქტიურების საქმეს”
, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Comments
Loading...