ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ არ დავუშვებთ არც ერთი მოქალაქის სიმშვიდის დარღვევას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წამების ამსახველ ვიდეომასალასთან დაკავშირებული აქციების ორგანიზატორ ახალგაზრდებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. მთავრობის მეთაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, რომ გავრცელებული ვიდეომასალის ხილვა ნებისმიერი მოქალაქისთვის აღმაშფოთებელია, თუმცა ქვეყნის ინტერესებშია სტაბილურობის უზრუნველყოფა.

„მინდა, საზოგადოებას მივმართო, გთხოვთ, მაქსიმალურად შევინაჩუნოთ სიმშვიდე. ყველანაირი ემოცია შევიკავოთ და მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ. ჩვენ ვართ ძლიერი სახელმწიფო, ვიდრე ვიყავით 3 წლის წინ, არ დავუშვებთ არავითარ პროვოკაციას და არც ერთი მოქალაქის სიმშვიდის დარღვევას, მაგრამ გთხოვთ, მაქსიმალურად შევიკავოთ თავი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაური „ნაციონალური მოძრაობის” ოფისების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებული გამოძიების მიმდინარეობითაც დაინტერესდა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განმარტა, მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით 22 შემთხვევაში დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება, სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს 3 პირი, გამოძიება მიმდინარეობს 8 სისხლის სამართლის საქმეზე და არც ერთი ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩენილა.

Comments
Loading...