ირაკლი ღარიბაშვილი – გუშინ საღამოს უკვე მომილოცეს, ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვება

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული პოზიტიური დასკვნა მიულოცა.

მთავრობის სხდომის მსვლელობისას მან აღნიშნა, რომ გუშინ, საღამოს მილოცვა უკვე მიიღო.

„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. გუშინ, გვიან საღამოს მქონდა საუბარი ევროკავშირში და მინდა პირველად ვუთხრა საზოგადოებას და თქვენ ყველას, რომ დღეს გამოქვეყნდება ევროკავშირის საბოლოო ანგარიში, სადაც საქართველოსთან მიმართებაში არის პოზიტიური დასკვნა. ასე რომ, ყველას გილოცავთ.

მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მთავრობის თითოეულ წევრს, ძალიან შრომატევადი საქმე იყო, მინდა ყველას მოგილოცოთ, ჩვენ 100%-ით შევასრულეთ ჩვენ მიერ ნაკისრი ვალდებულებები ევროკავშირთან მიმართებაში და არცერთი კითხვის ნიშანი არ დაგვიტოვებია. ყველაფერი პირნათლად გავაკეთეთ.

გუშინ საღამოს უკვე მომილოცეს და ასევე, გილოცავთ ყველას და ვულოცავ ქართველ ხალხს, ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვება, მათი დაფასება, მათი ამდენი ხნის ლოდინის დაფასება და ჩვენი ქვეყნის დაფასება.

ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად, უმნიშვნელოვანესი მოვლენა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში“, – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა მუხლჩაუხრელი შრომისთვის ყველა უწყებას მადლობა გადაუხადა.

საქართველოს მიერ „სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის“ შესრულების შესახებ ევროკომისიის საბოლოო ანგარიში დღეს გამოქვეყნდება.

Comments
Loading...