ირაკლი ღარიბაშვილი – კატეგორიულად ვემიჯნებით გოგი თოფაძის პირად მოსაზრებებს “რუსთავი 2-თან” და სტალინთან დაკავშირებით

კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ კოალიცია ემიჯნება დეპუტატ გოგი თოფაძის მოსაზრებებს “რუსთავი 2”-თან და სტალინთან დაკავშირებით.
“ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით პარლამენტის წევრის – ბატონ გოგი თოფაძის პირად მოსაზრებებს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით. ასევე, ვემიჯნებით დეპუტატის პოზიციას სტალინთან დაკავშირებით.
კოალიციას აქვს მტკიცე პოზიციები ასეთ ფუნდამენტურ თემებთან მიმართებით და ჩვენ ეს პოზიციები საჯაროდ გვაქვს გაცხადებული.
ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მედიის თავისუფლება და მიგვაჩნია, რომ “რუსთავი 2″-თან დაკავშირებით ობიექტური, მიუკერძოებელი განაჩენი დამოუკიდებელმა სასამართლომ უნდა გამოიტანოს.
ჩვენ ვართ ევროპული ღირებულებების ერთგული პოლიტიკური კოალიცია, რომელსაც კარგად აქვს გააზრებული საბჭოთა წარსული. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ევროპული და ევროატლანტიკური კურსი – ეს არის სწორი გზა და იგი პრინციპულად განსხვავდება იმ რეჟიმისგან, რომელშიც ათეული წლების განმავლობაში მოგვიწია ცხოვრება.
ჩვენ მივისწრაფვით დემოკრატიული განვითარებისკენ, ევროპული ოჯახისკენ”
– ნათქვამია განცხადებაში.

Leave A Reply

Your email address will not be published.