ირაკლი ღარიბაშვილი – მთავრობა ყოველთვის მზად არის, საქართველოში უზრუნველყოფილი იყოს სიტყვის თავისუფლება

მთავრობა ყოველთვის მზად არის, საქართველოში უზრუნველყოფილი იყოს სიტყვის თავისუფლება და მედიათავისუფლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
“ჩვენ მზად ვართ, რომ ყოველთვის იყოს უზრუნველყოფილი საქართველოში მედია თავისუფლება და სიტყვის თავისუფლება. ის დრო, რაც იყო საქართველოში სამი წლის წინ, არასოდეს აღარ დაბრუნდება. მე ეს შემიძლია გითხრათ, ჩვენი მთავრობის, ჩვენი ხელისუფლების სახელით, მინდა ეს დაგიდასტუროთ. დანარჩენი ეს კრიტიკა, ეს სპეკულაციები, ეს აჟიოტაჟი, რომელიც არის ატეხილი, არის დროებითი, ეს გაივლის, ჩაწყნარდება”, – განუცხადა პრემიერმა ჟურნალისტებს.
ღარიბაშვილმა “რუსთავი 2”-ს მიმართა და აღნიშნა, რომ თუ ხმაურს შეწყვეტენ, სიტუაცია ჩაწყნარდება და ნახავენ, რომ არაფერი ხდება, საერთაშორისო თანამეგობრობა კი განცხადებებს აკეთებს სწორედ ამაზე დაყრდნობით, ხოლო რეალური სიტუაცია სულ სხვანაირია. პრემიერის განცხადებით, მთავრობა დაიცავს თითოეულ ჟურნალისტს და ყველას, ვინც მხარს უჭერს მედია თავისუფლებას.
“რეალური სიტუაცია არის შემდეგი – მთავრობა საერთოდ არ ერევა სასამართლოს საქმეებში, ეს არის სამართლებრივი დავა, ეს არის დავა ორ კერძო სუბიექტს შორის. კერძოდ, თქვენ ნახეთ, რომ თქვენი კომპანია იმართება სააკაშვილის მიერ. ყოველდღიურ რეჟიმში ის უშუალოდ აძლევს ინსტრუქციებს ტელეკომპანიის დირექტორს და მართავს მთელ, ასე ვთქვათ, ინფორმაციულ ბადეს, ის თვითონ ალაგებს როგორ უნდა მოხდეს განაწილება. ეს თქვენი არჩევანია, თუმცა მე გეტყვით, რომ ჩვენი მთავრობა დაგიცავთ თქვენ, ჟურნალისტებს და ყველას, ვინც მხარს უჭერს მედია თავისუფლებას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, დღევანდელ მთავრობას შეუძლია ამაყად თქვას, რომ არც ერთ მედია საშუალებას არ აკონტროლებს. “მთავრი არის ის, რომ პოლიტიკისგან იყოს თავისუფალი მედია. ჩვენს მთავრობას შეუძლია ამაყად თქვას, რომ არც ერთ მედია საშუალებას არ ვაკონტროლებთ ჩვენ დღეს. ეს არის უპრეცედენტო ფაქტი, ეს არის რეალობა და ამას სჭირდება დაფასება. ჩვენ არც ერთ ტელევიზიას არ ვფლობთ, არც ვაკონტროლებთ, არც გვაქვს ამის პრეტენზია და არც გვაქვს ამის სურვილი. ასე რომ, არა მხოლოდ “რუსთავი 2”-ა კრიტიკული, მაესტროც კრიტიკულია, ხანდახან პირველი არხიც და ეს კარგია, ვინაიდან მოსახლეობამ უნდა გაიგოს სიმართლე და რა თქმა უნდა კრიტიკა უნდა იყოს ობიექტური და არ უნდა იყოს ზღვარგადასული. ეს არის ჩემი პოზიცია. ეს არის ჩვენი მთავრობის პოზიცია. გთხოვთ შევინარჩუნოთ სიმშვიდე. არაფერი არ ხდება რეალურად. სიტუაცია არის კონტროლის ქვეშ, ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენ გვეკადრება. ჩვენ ვაგრძელებთ ევროკავშირთან რეფორმებს და პროგრესს, ინტეგრაციას. თქვენ მოისმინეთ მოგერინის განცხადება იგივე უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით და ძალიან ბევრი პერსპექტივა აქვს ჩვენს ქვეყანას, ასე რომ, ის რაც ამ მოკლე დროში მოვუტანეთ ჩვენს ქვეყანას. ამ პერსპექტივას არავის წავართმევინებთ და ამ პროცესს არ შევაფერხებინებთ არავის, არც ერთ პოლიტიკურ ძალას, არც პროვოკატორს, არც ერთ დესტრუქციულ ძალას, როგორიც არიან “ნაციონალური მოძრაობა” და სხვები. ეს უმცირესობა, რომელიც დარჩა, თუმცა, ეს მათი უფლებაა, მათ ექნებათ თავისუფალი სივრცე. დანარჩენი ხალხის გადასაწყვეტია”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Comments
Loading...