ირაკლი ღარიბაშვილი პეტრო პოროშენკოს მიმართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერებთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს წერილი გაუგზავნა.
წერილში საქართველოს მთავრობის მეთაური შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბარი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილ ხელმძღვანელთან და ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორთან საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ განცხადებებსა და ანტისახელმწიფოებრივი, ძალადობრივი ქმედებებისკენ კონკრეტულ მოწოდებებს შეიცავს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი ქმედებები საქართველოსა და უკრაინის მეგობრულ ურთიერთობებს არ შეეფერება. პრემიერი აღნიშნავს, რომ ამ მოწოდებებმა შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას საქართველოში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას და უკრაინის პრეზიდენტს აღნიშნული საკითხით დაინტერესების თხოვნით მიმართავს.

Leave A Reply

Your email address will not be published.