ირაკლი ღარიბაშვილი: ქალების და კაცების თანასწორობა ჩვენი ქვეყნისთვის არასდროს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ

გენდერული თანასწორობოს საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარსდგა სიტყვით. როგორც პრემიერმა ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო არის ქვეყანა, სადაც გენდერული ნიშნით პრობლემები კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დამდგარა:

„მივესალმები კომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ქალბატონ ფედერიკა მოგერინის, ასევე გაერო-ს ქალთა ორგანიზაციას, გაერო-ს განვითარების პროგრამას და გაერო-ს ფონდს. მივესალმები ჩვენს პატივცემულ ქალბატონებს, სტუმრებს. ვხედავ რამდენიმე მინისტრს ევროკავშირიდან. ამ დარბაზში ვხედავ ძალიან ბევრ ლამაზ და გავლენიან ქალბატონს.

ამ ინიციატივის ავტორი გახლავთ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი – თამარ ბერუჩაშვილი. მადლობა მას ამ კონფერენციის ინიცირებისთვის. მოგეხსენებათ, ქალების და კაცების თანასწორობა ჩვენთვის არასდროს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ. პირადად მე სწორედ ამ ტრადიციით გავიზარდე. თქვენ იმყოფებით ქვეყანაში, სადაც ყველაზე დიდმა მოაზროვნემ, ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში თქვა, რომ ქალი და მამაკაცი არის თანასწორი. ამიტომ, ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ქალების მიმართ დისკრიმინაცია და ძალადობა, რომელსაც თითქმის ყოველდღიურად ვაწყდებით მთელ მსოფლიოში. ყველანი, კაცებიც და ქალების თანასწორობის მხარეს უნდა ვიდგეთ.

ძნელი წარმოსადგენია ჩემთვის, რომ ვცხოვრობთ ისეთ მსოფლიოში, სადაც გაერო-ს წლევანდელი მონაცემებით, 39 მილიონ გოგონას არ მიეცა განათლების საშუალება. 774 მილიონი ზრდასრული ქალის ორ მესამედს ასევე არ მიეცა განათლების საშუალება. რამ გამოიწვია ის, რომ მსოფლიოში ღარიბი მოსახლეობის 70% არის ქალი? ყოველი სამი ქალიდან ერთი განიცდის ძალადობას გენდერული ნიშნით. და ძალიან ცოტაა ისეთი ქალი, ვისაც შესწევს ძალა, შეცვალოს რეალობა მის გარშემო!

მივესალმები, რომ გაერო-ს წევრმა ქვეყნებმა მიზნად დაისახეს, 2030 წლისთვის მიაღწიონ პრინციპს – პლანეტა 50/50-ზე. ვთვლი, რომ ეს არის ძალიან ამბიციური მიზანი, მაგრამ მჯერა, რომ ამის მიღწევა სავსებით შესაძლებელია. მე და ჩემი მთავრობა გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.