ირაკლი ღარიბაშვილი: წელს ბიზნესსექტორში დასაქმება თითქმის 61 000-ით გაიზრდა

დასაქმება და სამუშაო ადგილების გაზრდა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დასაქმების რეგიონულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმინისტრის თქმით, ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ დასაქმების შესაძლებლობების გაზრდისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესსექტორის ხელშეწყობა და ამიტომ, მთავრობა მაქსიმალურად უწყობს ხელს ჯანსაღი, თავისუფალი და კონკურენტული ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას.

“2015 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, ბიზნესსექტორი განსაკუთრებული ზრდით გამოირჩევა. მნიშვნელოვანია, როგორც მოთხოვნის ზრდა, ისე ზოგადად ბიზნესაქტივობის გამოცოცხლება. თითქმის 61 ათასით არის გაზრდილი დასაქმება ბიზნესსექტორში – ეს არის 12-პროცენტიანი ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ჩვენ წამოვიწყეთ არაერთი სახელმწიფო პროგრამა, რომლებიც ემსახურება ბიზნესის ხელშეწყობას და ქვეყანაში ეკონომიკის გაჯანსაღებას. მთავრობისა და საფინანსო ინსტიტუტების მჭიდრო თანამშრომლობით ჩვენ შევძელით მეწარმეების ხელშეწყობა, ახალი საწარმოების შექმნა და არსებულის განვითარება, რამაც შედეგი გამოიღო და მეტი მოქალაქის დასაქმება შევძელით”, – განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ დღეს წარმატებით მუშაობს ისეთი სახელმწიფო პროგრამები, როგორებიცაა “აწარმოე საქართველოში”, “იაფი აგროკრედიტი”, “ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველოსთვის”.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მხოლოდ სოფლის მეურნეობის სექტორში მთავრობის მიერ დაწყებული პროგრამებით – მათ შორის ახალი საწარმოების შექმნის მიმართულებით, დამატებით 10 000 ადამიანი დასაქმდა.

პრემიერის შეფასებით, სახელმწიფო პროგრამები ხელს უწყობს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას, მარტივდება ფინანსურრესურსებზე ხელმისაწვდომობა, ხდება უძრავი ქონებით უზრუნველყოფა, საკონსულტაციო მომსახურების გაწევა და სამუშაო ადგილების შექმნა.

“ჩვენ ბიზნესს სამი წლის განმავლობაში მაქსიმალურად კომფორტული გარემო შევუქმენით. ბიზნესი დღეს აბსოლუტურად თავისუფალი და ხელშეუხებელია. ჩვენ მაქსიმალურად გავაძლიერეთ ბიზნესომბუდსმენის აპარატი, რომელიც უშუალოდ პრემიერმინისტრს ექვემდებარება და ყველა ბიზნესდავა წყდება აბსოლუტურად სამართლიან გარემოში, იქნება ეს სასამართლო თუ ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭო. ბიზნესი დღეს აბსოლუტურად თავისუფლად ოპერირებს საქართველოში, თავს გრძნობს სრულიად დაცულად და ინვესტორი აბსოლუტურად თავდაჯერებულია. შედეგად, გასულ წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა 87%-ით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაც 2007 წლის შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელია. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 მილიარდ 700 მილიონი დოლარი შეადგინა. ჩვენ გვაქვს ძალიან მოქნილი პროგრამები, 10%-ით ვასუბსიდირებთ ბიზნესის სესხს და მათ უწევთ მხოლოდ 1-2%-ის გადახდა; უფასოდ ვაძლევთ მიწებს, ქონებას, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, რათა მეტად იყოს წახალისებული ბიზნესი და მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას საქართველოში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.