ირაკლი ღარიბაშვილმა და სლოვაკეთის პრემიერმა სტრატეგიული საკითხები განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სტუმრობა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს რეზიდენციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალით დაიწყო.
როგორც “ინტერპრესნიუსს” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მაღალი რანგის სტუმარს საპატიო ყარაული შეეგება, შესრულდა ორი ქვეყნის ჰიმნი.
ცერემონიის დასრულების შემდეგ, მხარეებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს და ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიული საკითხები განიხილეს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების მნიშვნელობაზე. აღინიშნა ამ მიმართულებით არსებული პოზიტიური დინამიკა და გამოითქვა რესურსების ამოქმედებისა და თანამშრომლობის სრული პოტენციალის გამოყენების იმედი.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესები იყო. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დასაფასებელია სლოვაკეთის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს ევროპული არჩევნის ურყევი მხარდაჭერა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის პირადი წვლილი პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის გზით ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებაში.
რობერტ ფიცომ კიდევ ერთხელ დაადასტურა სლოვაკეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი და ხაზი გაუსვა ვიზების ლიბერალიზაციის დიალოგის დროული დასრულების მნიშვნელობას.
მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების თემებზე ისაუბრეს. ორი ქვეყნის ლიდერებმა ისაუბრეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, როგორც ადგილზე ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმის მნიშვნელობასა და მისი მანდატის შენარჩუნების აუცილებლობაზე.
რობერტ ფიცომ, სლოვაკეთის მთავრობის სახელით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა გამოხატა.

Leave A Reply

Your email address will not be published.