ირაკლი ღარიბაშვილს კოალიციის სიის პირველ ნომრად მოიაზრებენ

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შესაძლოა, კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყოს. ამ ვერსიას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები განიხილავენ, რომლებსაც for.ge-მ ორი კითხვით მიმართა – რატომ გადადგა თანამდებობიდან ირაკლი ღარიბაშვილი და სად მიდის ყოფილი პრემიერი?

მმართველი გუნდის ნაწილი ღარიბაშვილის პოსტიდან წასვლას საქართველოში ახალი პოლიტიკური ეპოქის დაწყებას უკავშირებს, მეორე ნაწილს გადაწყვეტილების რეალური მოტივების დასახელება უჭირს, ოპოზიცია კი, საკადრო ცვლილებებს „ოცნების“ პოლიტიკური რეიტინგის ვარდნას და ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის სტრატეგიას უკავშირებს.

როგორც for.ge-ს დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, თემურ ჭკუასელმა განუცხადა, პრემიერი რატომ გადადგა, ვერ იტყვის, რადგან მისი პოსტიდან წასვლის ზუსტი მიზეზი ვერ გაიგო, თუმცა ფიქრობს, რომ საფუძველი რაღაც ძალიან სერიოზულ ცვლილებებს ეყრება.

„ცოტაც მოვითმინოთ და ყველაფერს გავიგებთ. ვერ გეტყვით, ეს უკავშირდება თუ არა ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას, მაგრამ სანამ გადადგომის ზუსტი მიზეზი არ გვეცოდინება, ისე ანალიზის გაკეთება რთული იქნება. მან თქვა, რომ ჩემი ქვეყნის რიგით ჯარისკაცად ვდგებიო, რაც მისი გადაწყვეტილების გასაღები იყო. უნდა ვიგულისხმოთ, რომ ის პარტიის ლიდერად გადაინაცვლებს და საარჩევნო სიის პირველი ნომერი იქნება, რასაც მივესალმები, რადგან ის ძალიან ახალგაზრდა და წესიერი კაცია. მოკლე პერიოდში, მისი შეყვარება ბევრმა ადამიანმა მოასწრო“, – განაცხადა ჭკუასელმა, რომლის მსგავსად, ღარიბაშვილის გადაწყვეტილების რეალური მოტივები არ იცის, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა.

for.ge-თან საუბარში სესიაშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილმა თავის გამოსვლაში ყველაფერი მკაფიოდ ჩამოაყალიბა. მისი მოსაზრებით, ძალიან სერიოზული მიღწევებია და ეს იმის საფუძველია, რომ ქვეყანა სწრაფად გაძლიერდეს.

„ირაკლიმ თავის ევროპულ კლასიკურ გამოსვლაში თავისი აქცენტი გააკეთა, რომ ქვეყანაში ის ეპოქა დასრულა, როცა თანამდებობის პირები საკუთარ სკამებს ჩაბღაუჭებულები იყვნენ. საჭიროა, ახალი ენერგია და ახალი იდეები. დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი ივანიშვილთან კონსულტაციებს გაივლიდა, მაგრამ მან ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო, თუმცა, როგორც ქვეყნის, ასევე კოალიციის ინტერესები გაითვალისწინა“, – დასძინა სესიაშვილმა.

ზემოთ აღნიშნული დეპუტატების მსგავსად, ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარეს, დავით ბერძენიშვილს იმის თქმა უჭირს, ღარიბაშილი პოსტიდან რატომ წავიდა და სად მიდის. ბერძენიშვილის შეფასებით, ქვეყანაში წარმატებებია და მან არჩია, რომ ხელისუფლებას გაცლოდა.

„ის ძალიან დიდი დატვირთვით მუშაობდა. თუ გადადგომას ფიქრობდა, მან გადადგომისთვის ძალიან წარმატებული პერიოდი შეარჩია, რადგან ვიზალიბერალიზაცია ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ფაქტია, რაც კი ამ წლებში საქართველოში განხორციელდა. სხვის მოტივებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ის წარმატების სტადიაში იყო, როცა გადადგა. უვიზო მიმისვლის დაწესება უდიდესი წარმატებაა. ივანიშვილის როლი არ ვიცი და ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ივანიშვილს ღარიბაშვილთან გარკვეული ურთიერთობები რომ ჰქონდა, ამას არავინ მალავდა. ამ საკითხში რა ტიპის კონსულტაციები იყო, თუკი იყო – ვერაფერს გეტყვით“, – ამბობს ბერძენიშვილი.

უმრავლესობისგან განსხვავებით, უმცირესობა არ ფიქრობს, რომ ღარიბაშვილმა დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც for.ge-ს უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განუცხადა, უმრავლესობის არგუმენტაცია სრულიად გაუგებარია, რადგან პრემიერ-მინისტრობა მხოლოდ თანამდებობა არ არის, ეს ხალხისგან მიღებული მანდატია, რომ ქვეყნის საქმე გააკეთო, ხოლო წარმატებული პრემიერ-მინისტრები ასე არ მიდიან და ისინი საქმიანობას მანდატის ამოწურვამდე აგრძელებენ.

„შუა გზაზე გამოაცხადო, რომ რაღაც გავაკეთე, მომწყინდა და მივდივარ, ეს რბილად რომ ვთქვათ, უპასუხისმგებლობაა. მათი მხრიდან უსუსური მცდელობაა, რომ ის რეალობა გამართლდეს, რაც დღეს არსებობს. რეალობაა, რომ საქართველოს წარუმატებელი მთავრობა ჰყავს, რომელმაც ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანა და მოსახლეობა ძალიან დიდი პრობლემების წინაშე დააყენა. ქვეყნის რეალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი ძალიან კარგად მიხვდა, რომ ამ მთავრობის პირობებში 2016 წლის არჩევნების მოგება შეუძლებელი იქნებოდა. დემოკრატია ვალდებულებას გულისხმობს და არა ვადებულებიდან გაქცევას. გადადგომასთან და ვალდებულებისგან გაქცევასთან დემოკრატია არანაირ კავშირში არ არის“, – აცხადებს ბაქრაძე.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განწყობას, ის ირწმუნება, რომ ღარიბაშვილის პოსტიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა, მაგრამ ზუსტი დრო არ იცოდა. სპიკერის განცხადებით, ქვეყანას სპიკერები, პრემიერები და პრეზიდენტები სიცოცხლის ბოლომდე არ სჭირდება.

„ოცნებამ“ ქართულ სინამდვილეში სხვა ტრადიციების დამკვიდრება დაიწყო. ბოლო 20-25 წლის მანძილზე, საქართველოში ძალაუფლების მოსაპოვებლად ან შესანარჩუნებლად რა ხდებოდა, შეგახსენებთ. ჩვენს შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილმა პოსტი ერთი წლის შემდეგ დატოვა და მან საჭიროდ ჩათვალა, რომ გუნდის სხვა წევრებისთვის ასპარეზი მიეცა და ღარიბაშვილმა იგივე ნაბაჯი გადადგა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტრადიცია გაგრძელდება. ჩვენ სპიკერები, პრემიერები პრეზიდენტები სიცოცხლის ბოლომდე არ გვჭირდება. ჩვენ ისინი მანამდე გვჭირდება, სანამ ადამიანები თავად გრძნობენ, რომ შეუძლიათ, საქმის კეთება და აქვთ სათანადო ენთუზიამი და მონდომება“, – აღნიშნა სპიკერმა.

კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნას მინიმუმ 5 დღე და მაქსიმუმ – 21 დღე დასჭირდება.

წყარო
for.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.