ირაკლი კობახიძე უშიშროების საბჭოს „უაზრო ინსტიტუტს“ უწოდებს

პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, „ვენეციის კომისიამ დასკვნაში უშიშროების საბჭოზე ჩანაწერი იმის გამო არ შეიტანა, რომ არ მიეყენებინა ჩრდილი თუნდაც ამ უაზრო ინსტიტუტისთვის“.

როგორც თელავში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისას ირაკლი კობახიძემ განაცხადა, 2010 წელს ვენეციის კომისიის ექსპერტები პირდაპირ ამბობდნენ, რომ უშიშროების საბჭოზე კონსტიტუციაში ჩანაწერი არ უნდა ყოფილიყო.

”მე არ მიხსენებია ვენეციის კომისია, ვენეციის კომისიის ექსპერტები ამბობდნენ ამას. ბოლოს არ შეიტანეს დასკვნაში ეს ჩანაწერი თუნდაც იმიტომ, რომ არ უნდადათ ჩრდილი მიეყენებინათ თუნდაც ამ უაზრო ინსტიტუტისთვის. ვენეციის კომისიის ექსპერტები პირდაპირ გვეუბნებოდნენ, რომ ასეთი უაზრობა არ შეიძლება ეწეროს კონსტიტუციაში, რომ უშიშროების საბჭო პრეზიდენტს აძლევს რჩევას ისეთ საკითხზე, რაც არის მთავრობის კომპეტენცია. მაშინ არ გაიზიარა ხელისუფლებამ და ვიცით რატომაც, დღეს ამ უაზრობას ვასწორებთ”, – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება მთავარსარდლის სტატუსს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საკითხზე დღეს ბევრი სპეკულაცია მიმდინარეობს და საზოგადოებას ხშირად არასწორი ინფორმაცია მიეწოდება.

”მთავარსარდალი არ ნიშნავს იმას, რომ მას ექვემდებარება სამხედრო ძალები. დღესაც, მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტმა რომ გასცეს ბრძანება სამხედრო ძალებზე, ეს ბრძანება არ შესრულდება”, – აღნიშნა კობახიძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი

Comments
Loading...